07/03/2023
12:38
მსოფლიო
„არქეოლოგებმა, ეგვიპტის სამხრეთით მდებარე ძველ ტაძარში, სფინქსის მსგავსი ქანდაკება და სალოცავის ნაშთები აღმოაჩინეს,“ - ნათქვამია ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს განცხადებაში.
არტეფაქტები, ქალღმერთ ჰათორის ტაძრის მახლობლად, ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ უძველეს ადგილზე, აღმოაჩინეს.
მეცნიერები თვლიან, რომ ახლადაღმოჩენილი კირქვის სფინქსი თავისი "ღიმილიანი სახით და ლოყაზე ღრმულებით" რომის იმპერატორ კლავდიუსს განასახიერებს. ის გაცილებით პატარაა, ვიდრე გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით მდებარე ცნობილი სფინქსი, რომლის სიმაღლეა 20 მ.
არქეოლოგებმა არტეფაქტები დენდერას ტაძარში, ორდონიან სამარხში იპოვეს, დედაქალაქ კაიროს სამხრეთით, 450 კილომეტრში.
იმპერატორმა კლავდიუსმა, რომელსაც არქეოლოგებმა ქანდაკების ღიმილიანი სახე მიამგვანეს, 41-54 წლებში, რომის მმართველობა ჩრდილოეთ აფრიკამდე გააფართოვა.
ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს განცხადებით, არქეოლოგები ქვის ფილაზე არსებულ ნიშნებს შეისწავლიან, რამაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გამოავლინოს ქანდაკების ვინაობის შესახებ.
არქეოლოგებმა, „ლამაზად და აკურატულად მოჩუქურთმებული“ სფინქსის გარდა, რომაული ეპოქის ქვის ფილაც აღმოაჩინეს, რომელზეც დემოტიკური და იეროგლიფური წარწერები ჩანს.
ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული აღმოჩენები ეგვიპტის მთავრობას, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.
0
0