აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არიზონას შტატის უზენაესი სასამართლო ზღვარს გადასცილდა, როდესაც მხარი დაუჭირა 1864 წლის კანონს აბორტის თითქმის სრული აკრძალვის შესახებ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კანონი მოკლე დროში "გამოსწორდება".
როგრც ცნობილია, აღნიშნული კანონი აბორტს ჩასახვისთანავე კრძალავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე დედის სიცოცხლის გადარჩენას ეხება.
ტრამპის თქმით, ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ის არ დაამტკიცებს აბორტის უფლებების ამკრძალავ კანონს.
ABC News-ის რეპორტიორის შეკითხვაზე, „კონგრესის მოთხოვნით, აბორტის აკრძალვის შესახებ ეროვნულ კანონს მოაწერდით ხელს?" - ტრამპმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა!“ მან შეშფოთება გამოთქვა არიზონას უზენაესი სასამართლოს მიერ აბორტის შესახებ 1864 წლის კანონის აღდგენასთან დაკავშირებით და თქვა, რომ არიზონას შტატის გუბერნატორი მალე "შეცვლის გადაწყვეტილებას".
აბორტის მოწინააღმდეგე წამყვანმა აქტივისტებმა, მათ შორის Susan B Anthony Pro-Life America-ს ხელმძღვანელმა მარჯორი დენენფელსერმა სასამართლოს გადაწყვეტილებას "დაუბადებელი ბავშვებისა და მათი დედებისთვის უდიდესი გამარჯვება" უწოდა.
„არიზონას უზენაესი სასამართლოს მიერ სიცოცხლის დაცვის მომხრე კანონის აღდგენით, ყოველწლიურად, ორსულობის ყველა ეტაპზე, 11000-ზე მეტი ბავშვი გადარჩება“, - თქვა დენენფელსერმა.
ასევე, დემოკრატებისა და მათი მომხრე ჯგუფების განცხადებით, თუ 1864 წლის კანონი აღსრულდება, აბორტის მოსურნე არიზონას მაცხოვრებლებს მეზობელ შტატში (როგორიცაა კალიფორნია, ნიუ მექსიკო ან ნევადა) მოუწევთ გამგზავრება, სადაც ეს პროცედურა ჯერ კიდევ ლეგალურია.
არიზონას შტატში, აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა, სავარაუდოდ, ნოემბერში ჩატარდება. 1864 წლის კანონის თანახმად, ნებისმიერს, ვინც აბორტს გააკეთებს, 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება.
0
0