21/12/2023
11:51
მსოფლიო
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც მასშტაბურად პირველად აპროტესტებენ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად ახალი მთავრობის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას.
პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ზომების მიღების შესახებ განაცხადა, რომლებიც მოიცავს ხარჯების შემცირებას და ვალუტის მკვეთრ დევალვაციას. მან ასევე ხელი მოაწერა ეკონომიკური რეფორმის შესახებ განკარგულებას, რაც ითვალისწინებს ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას.
როგორც პრეზიდენტმა მილეიმ განაცხადა, ის მკაცრ ზომებს მიიღებს ნებისმიერი ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც საპროტესტო აქციებით მისი გეგმების ჩაშლას შეეცდება.
,,ჩვენი მიზანია, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და რეგულაციების ფართო სპექტრის გაუქმება დავიწყოთ, რამაც შეაფერხა და შეაჩერა ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნა მილეიმ ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის განცხადებით, ადამიანებმა, რომლებმაც ქუჩები გადაკეტეს, შესაძლოა სახელმწიფო შეღავათების მიღების უფლება დაკარგონ.
”ეს არის მშვიდობიანი მობილიზაცია. ჩვენ არ გვინდა რაიმე სახის დაპირისპირება ან შეტაკება”, - თქვა ედუარდო ბელიბონმა, რომელიც მემარცხენე საპროტესტო ჯგუფს Polo Obrero-ს ხელმძღვანელობს.
გასულ კვირას, არგენტინის მთავრობამ თავისი ვალუტის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებით 50%-ზე მეტით [391 პესოდან 800 პესომდე] შეამცირა.
როგორც BBC-ი წერს, არგენტინა მზარდ ინფლაციას ებრძვის. 2022 წელს ფასები დაახლოებით 150%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ქვეყანას ფულადი სახსრების დაბალი რეზერვი და მაღალი სახელმწიფო ვალი აქვს, მაშინ როცა მოსახლეობის 40% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024