27/10/2024
11:42
არჩევნები 2024
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 ათასამდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა მწყობრიდან.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აპარატების მწყობრიდან გამოსვლის მიუხედავად, უბნებზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება.
„საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პროცესის ჩვენ მიერ დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 ათასამდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყენებით და არცერთ საარჩევნო უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება.
არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენების კარგ შედეგად ითვლება თუ საარჩევნო პროცესის დროს აპარატების 1% გამოვიდა მწყობრიდან. ჩვენს შემთხვევაში კი ამ რიცხვმა 0.1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისა და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ. ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნისთანავე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის. მათ შორის ის მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოს, ამომრჩეველთა ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში. ეს იმთავითვე უსაფუძვლოა, როგორც მინიმუმ, რომ ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ როდესაც სიები სრულად აუდიტირებადი იყო და ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა სიები და ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, მიუთითა იმაზე, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, იმ უწყებებს, რომლებიც არჩევნების ორგანიზების პროცესში ჩვენთან თანამშრომლობენ. საარჩევნო ტექნოლოგიებთან ადვილად ადაპტირდა ამომრჩეველიც, რაც ადასტურებს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანიის ეფექტიანობას, რომელიც არჩევნებამდე წელიწად ნახევრით ადრე დავიწყეთ. აქტიურობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩევლებს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
0
0