15/11/2024
19:10
პოლიტიკა
არჩევნები შედგა, მოვუწოდებ ყველას, პატივი სცეს დემოკრატიას. ასე არ არის, რომ უმცირესობა კარნახობდეს თავის ნებას უმრავლესობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა მართვის მანდატი „ქართულ ოცნებას“ მისცა.
„არჩევნები შედგა, მოვუწოდებ ყველას, მნიშვნელობა არ აქვს, სტუდენტია თუ პარტიული აქტივისტი, პატივი სცეს დემოკრატიას. ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გამოვიდა დიდი რაოდენობით. ყველა ხომ აღიარებს, რომ ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა? რეპორტაჟებიც იყო, რომ რიგები, საცობებია, მართლა ხომ იყო ეს ხალხი იქ? ახლა რომ უნდათ თქმა, 300 000 ადამიანი ჰაერიდან არის გაჩენილი და სინამდვილეში არ არსებობდაო, თქვენი თვალით ხომ ხედავდით, რომ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მეტი ადამიანი იყო? ყველა ვხედავდით, რაც იყო.
დასრულდა არჩევნები, კალკულატორით და ფურცლებით დათვლილი არ იყო, მანქანებმა დაითვალეს და დადეს ვერდიქტი. ქართველმა ხალხმა, მილიონ 120 000-მა ადამიანმა, 54-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და მას მისცა მართვის მანდატი. ასეა დემოკრატია, რომ უმცირესობამ უნდა მიიღოს თავისი მანდატი, წარმოადგინოს თავისი ამომრჩეველი, მათ შორის უმცირესობის ამომრჩევლებმაც პატივი უნდა სცენ უმრავლესობის ნებას. ასე არ არის, რომ უმცირესობა კარნახობდეს თავის ნებას უმრავლესობას. სამწუხაროდ, სწორედ ამას აქეზებდა, მათ შორის, ის შვიდეული, რომელიც აქციაზე იდგა. თავისი თვალით ხედავდა, რამდენი ადამიანი იდგა მის წინ, რუსთაველის გამზირზე. უმცირესობას მოუწოდებდა, ეძალადა უმრავლესობაზე და უმცირესობის აზრი გაეტანა ქვეყანაში. ზუსტად ეს არის ანტიდემოკრატიული მოწოდებები, რომლებიც ჰქონდა ამ შვიდეულს. ანტიდემოკრატიული ქცევაა, როდესაც პარტიას, რომელსაც შეიძლება, მხარს უჭერდი, არ აქვს უმრავლესობა და ამის გამო გაიბუტო ან აგრესიულ ქცევაზე გადახვიდე, რათა ჩაშალო შედეგები“, – განახადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0