10/12/2024
12:20
სამართალი
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე, 30-ზე მეტი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
საია დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
საია-ს მონიტორინგის მიხედვით, სასამართლოებში დაკავებულებისთვის პატიმრობა გამოიყენება ინდივიდუალური გარემოებების გაუთვალისწინებლად. დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, სოციალურად დაუცველი პირები და ოჯახების ერთადერთი მარჩენლები.
მათივე ცნობით, ბრალდებები ხშირად არ ეფუძნება დამაჯერებელ მტკიცებულებებს, ხოლო მოსამართლეები ნაკლებად ინტერესდებიან ბრალდების დასაბუთებით.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკავებულები მიუთითებენ ძალადობის, დამამცირებელი მოპყრობისა და უფლებების დარღვევაზე, რასაც სასამართლოები უმეტესად უგულებელყოფენ.
„საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე. ამასთან, ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს, არ მიცემულა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი საია-ს არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, პოლიციის ძალადობის შემთხვევები, მათ შორის, 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპრილ-მაისში, საპროტესტო აქციების დროს, გამოუძიებელი რჩება. ანგარიშვალდებულების ასეთი დაბალი ხარისხი დაუსჯელობას პრაქტიკად აქცევს. ამის პარალელურად კი, მზარდია სისხლის სამართლის ინსტრუმენტების გამოყენება აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა“, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, რამდენიმე დაკავებულმა დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.
„ალეკო ელისაშვილმა ჩვენება მისცა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს. საბა სხვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე. რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას. ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პირების მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, მოსამართლეებს არ სურდათ ამ დარღვევების განხილვა. კერძოდ, მაგალითად, მოსამართლემ ნანა შამათავამ დააზუსტა, ძალადობა მოხდა სისხლისსამართლებრივი დაკავებისას თუ ადმინისტრაციული დაკავების ფარგლებში. ადვოკატებმა განმარტეს, რომ ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა ადმინისტრაციული დაკავებისას, თუმცა ფაქტობრივად ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დაკავება განგრძობითი იყო. კერძოდ, ბრალდებულები, რომლებიც თავდაპირველად 48 საათი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები, შემდგომში ფაქტობრივად შეაბრუნეს იზოლატორში, ამჯერად უკვე სისხლის სამართლის წესით, სათანადო პროცედურული გარანტიების გარეშე. ბევრმა ბრალდებულმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ შეეზღუდათ დაცვის უფლება. მოსამართლის პოზიციით, რადგან უშუალოდ სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებისას არ უძალადიათ პირზე, ეს მისი განსახილველი არ იყო. ასეთი თვითშეზღუდვით მიდგომა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იშლებოდა ზღვარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალწარმოებებს შორის, არ შეესაბამება კანონმდებლობას და ხაზს უსვამს მოსამართლის გულგრილობას. არცერთი ბრალდებული ამ დროისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ამასთან საყურადღებოა, რომ უმეტესობასთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკა/პირადი ჩხრეკა) შედეგად არ მომხდარა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის ამოღება“, - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, გარდა სამართლებრივი პრობლემებისა, სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ნაწილში გამოიკვეთა ისეთი ხასიათის ტექნიკური პრობლემები, როგორებიცაა სხდომების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობის არქონა, რაც გარკვეულწილად არღვევს საჯაროობის პრინციპს.
სრული განცხადება იხილეთ ბმულზე
0
0