იმდენად უტიფარია არახამის განცხადება, რომ ძალიან ძნელია, პასუხი გასცე. პირველ რიგში, სააკაშვილი დამნაშავეა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, რატომ უნდა გადასცე უკრაინას ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულები ჩაიდინა, გაუგებარია.
„რუსეთმა რა უნდა გითხრას ამ შემთხვევაში, არ მისცე უკრაინასო. როგორ შეიძლება გაგიჩნდეს ეს სურვილი, რომ უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა და ზუსტად იცი, რომ უკრაინაში პარტიაში მიემართება და არათუ ვინმე პასუხის მოსთხოვს, არამედ შეიძლება ორდენიც დაკიდონ იმისთვის, რომ უკრაინის საზღვარი დაარღვია. რა გაცვლაზეა საუბარი? რა სისულელეებს მიედ-მოედება და მეორე, დადასტურებულია, რომ არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს. შავი ხვრელი თუ უნდა ეძებოს არახამიამ თავისთან უნდა ეძებოს“, - აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 11 მარტს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
ამ განცხადების საპასუხოდ, არახამიამ „ურთიერთობის ნორმალიზების“ სამი პირობა დაასახელა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.
0
0