30/11/2021
19:26
პოლიტიკა
“ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა არ გრძელდება. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებაზე. დღეს ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არავითარი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, გამომდინარე იქედან, რომ ის ბარიერი, რომელიც მოქმედებს დღეს და რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან, უფრო სწორად, არის სრულიად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. 2024 წლიდან ყველა შემთხვევაში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5%-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია, თუ არა ეს 5%-იანზე, ამაზეც არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ამიტომ ამასაც სჭირდება ცალკე სიღრმისეული მსჯელობა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას და ეს საჩუქარი მათ გაუკეთდება თუ არა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება ჩანაწერს მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი პირადი პოზიციაა და ამას, ალბათ, გაიზიარებს მთელი უმრავლესობა – მომდევნო არჩევნების შესახებ ჩანაწერი უნდა იქნეს ამოღებული. ცალსახად, თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს მხოლოდ და მხოლოდ 2024 წლიდან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ: სექტემბერში პარლამენტმა ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. საარჩევნო ბარიერი კი, ბარიერი 2%-ით განისაზღვრა.
მოქმედი კონსტიტუციით კი, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები, 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. მანამდე ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში კი, ის 120/30 სისტემით 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმებას, იქ ნათქვამი იყო, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული 2%-მდე ბარიერით უნდა ჩატარდეს.
0
0