10/01/2023
12:12
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინამ "ბუკ"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"-ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებულები არიან მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების "ჯაველინის" შესყიდვის მიზნით.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ "ბუკ"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკ“- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინი“ შესყიდვის მიზნით.
საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამის მკაფიო დასტურია ტონობით გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მათ შორის, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკრაინისთვის შესყიდული და გადაცემული გენერატორები.
რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა გუშინ აღნიშნა, რომ კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.
0
0