15/05/2023
16:52
სამართალი
პროკურატურის განცხადებით, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, მათ არასრულწლოვან ოჯახის წევრებს შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბრალდებულები მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის „გ“, ,,ე“, ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორს ბრალდება 143 სეკუნდა-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე 4 პირის დაკავების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.
0
0