
მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის პოზიცია, რომ კლინიკა სასამართლო პროცესებზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას ვერ გასცემს, იმის აღიარება და დასტურია, რომ „მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს“.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა წუთი ძვირფასია, რის კონტექსტშიც სააკაშვილის მამა ხელისუფლებას მიმართავს, ყოფილი პრეზიდენტი „დროულად გაუშვან“.
„მოვისმინე „ვივამედის“ გენერალური დირექტორის განცხადება იმის თაობაზე, რომ კლინიკა ვერ აიღებს თავის თავზე ნებართვის გაცემას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების თაობაზე, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებს და ის მძიმეა.
ეს არის აღიარება და დასტური იმისა, რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს. ამით ქალბატონმა ნადირაძემ თქვა ის, რასაც დიდი ხანია ამბობენ ექსპერტები. ყოველი წუთი ძვირფასია, დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი. გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ეს ყველაფერი „ვივამედმა“ უნდა ხმამაღლა თქვას სასამართლოზე უკვე 9 იანვარს“, - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, კლინიკა სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს.
0
0