
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედება სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით სამი სიტყვით შეიძლება შევაფასოთ:უთავმოყვარეობა, არაკომპეტენტურობა და სამარცხვინო აქტი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი, ისევე, როგორც შარშან, საქართველოს წინააღმდეგ დავაში წელსაც დამარცხდება.
"ეს არის უთავმოყვარეობის პიკი როგორც რადიკალურ ოპოზიციაში, ისე მადამ პრეზიდენტის შემთხვევაში. ჩვენ დაველოდებით, იქნება მსჯელობა, თუ მიიღო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში და ჩაინიშნება საკონსტიტუციო განხილვა, არგუმენტები, რაც გუშინ გვქონდა და გუშინწინ, იგივე გვექნება დღესაც და ხვალაც და, შესაბამისად, მორიგ ჯერზე პრეზიდენტი მისი ამალით კიდევ დამარცხდება საქართველოსთან.
უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის 85 მილიონიდან მხოლოდ 15 მილიონი ვიცით, დანარჩენი სად წავიდა, არ ვიცით და ამიტომ გახდა საჭირო, რომ ეს შეგვესწავლა. მაგალითად, მოძრაობა „სირცხვილია“ ხომ არის პროცესებში აქტიურად ჩართული. არც მისი წლიური ანგარიში ვიცით, ვინ დააფინანსა, რა მიზნობრიობით - არაფერი ვიცით“ , - განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემოტანა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რადგან, როგორც ზარქუამ განმარტა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზნით არასამთავრობო სექტორს ძალიან დიდი თანხებით აფინანსებენ.
„რატომ დადგა ეს თემა დღის წესრიგში, იცით? ომის გამო. ჩვენ უარი ვუთხარით მავანს მეორე ფრონტის გახსნაზე.
ჩვენ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა. როდესაც 2023 წელს უკრაინამ დაფინანსება მიიღო და შეტევაზე ვერ გადავიდა, ჩვენ შემოგვთავაზეს, რომ აფხაზეთში შევსულიყავით, გვეუბნებოდნენ, რომ იქ ბაზები დაცლილი იყო რუსებისგან, რადგან ყველა სამხედრო გადასროლილი ჰყავდათ უკრაინაში. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა, ამ რუს ჯარისკაცებს ისევ აქეთ გამოუშვებდნენ და უკრაინა შეტევაზე გადასვლას მოახერხებდა - აი ეს გეგმა ჰქონდა ზოგიერთ უცხოელ პარტნიორს. ამას პირდაპირ ეთერებშიც ხომ ამბობდნენ. დღემდე არ არის მოხსნილი ეს პრობლემა და ამიტომაც არის, რომ მთელი საქართველოს გარშემო არის გარკვეული ჯგუფი, რასაც „გლობალური ომის პარტია“ დავარქვით. ეს არ არის ჯო ბაიდენი ან ვინმე ოფიციალური პირი, ეს არის მის უკან მდგომი, დონალდ ტრამპს ვინც ესროლა. ეს არის მცდელობა, მსოფლიო წესრიგის ახალი გადანაწილება მოხდეს. უკრაინის შემთხვევაში ხდება დიდ იმპერიებს შორის და საქართველო უბრალოდ გამოყენებადი მასალაა. ამაზე უარი ვთქვით და ამის გამო ჩვენი ლიდერი დაასანქცირეს, ორი მილიარდი გაუყინეს," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0