04/12/2024
23:34
პოლიტიკა
პარტნიორებთან ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვხედავთ, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ პარტნიორებს შორის ინტერესები ცდება ერთმანეთს და ყველაფერში 100%-ით არ ემთხვევა ერთმანეთს
პარტნიორებთან ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვხედავთ, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ პარტნიორებს შორის ინტერესები ცდება ერთმანეთს და ყველაფერში 100%-ით არ ემთხვევა ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ბოჭორიშვილის თქმით, არაერთხელ მოგვისმენია ბალტიის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მოწოდებები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
„ეს არის ის საკითხი, სადაც ჩვენი ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს და ამაში არც კატასტროფაა და არც ის, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები საერთოდ აღარ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ინტერესებმა გარკვეული დისონანსი შემოიტანა ჩვენს ინტერესებში და ვხედავთ, როგორ ხდება საქართველოზე ზეწოლა სხვადასხვა მეთოდით და ფორმით. ყველაფერი გადალახვადია, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ეტაპი. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ესეც და ჩვენ ყველას მოგვიწევს ერთად მუშაობა უკვე ევროკავშირის შიგნით, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს მოქალაქეებს ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობის გამო სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შემდეგ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 3 დეკემბერს საქართველოს საგარეო უწყებამ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩებთან შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
0
0