23/12/2024
15:23
სამართალი
ადვოკატ სალომე არდოტელის განცხადებით, დაცვის მხარე არ ეთანხმება იმ პოზიციას, რომ ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძის მკვლელობა განსაკუთრებით სისასტიკით ჩაიდინა. თუმცა, რატომ არ ეთანხმება დაცვა აღნიშნულ ბრალდებას, ადვოკატის თქმით, პოზიციას ამის შესახებ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააფიქსირებენ.
აღნიშნულის თაობაზე სალომე არდოტელმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის პროცესი გაიმართა.
„ბექა ჯაიანი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა ნაწილობრივ, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვეთანხმებით 126-ე მუხლს, კერძოდ, სისტემატურ ცემას და არ ვეთანხმებით იმას, რომ მკვლელობა ჩადენილია გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. ასევე, არ ვეთანხმებით იმას, რომ ეს დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით და აღნიშნულის თაობაზე სიღრმისეულ პოზიციას უკვე დავაფიქსირებთ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე“, - განაცხადა სალომე არდოტელმა.
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ბექა ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0