
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის „ძალიან მადლიერია ამერიკელების მთელი მათი მხარდაჭერისთვის“. ამის შესახებ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
გადაცემის წამყვანმა, ბრეტ ბაიერმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, ავლენს თუ არა ის უპატივცემულობას დონალდ ტრამპის, ჯეი დი ვენსის ან ამერიკის მიმართ, რაზეც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პატივს სცემს პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს.
„ჩვენ ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. მე პატივს ვცემ პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე შეფასებით, თეთრ სახლში კამათი კარგი არცერთი მხარისთვის არ ყოფილა.
„მე არ მინდა ჩვენი უდიდესი პარტნიორის დაკარგვა აშშ-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა თეთრ სახლში დაბრუნებას, ზელენსკი განაცხადა, რომ „არა“.
კიდევ ერთ კითხვაზე, უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში ტრამპს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, რამე ცუდი ჩაიდინა თუ არა. თუმცა, კითხვაზე, ნანობს თუ არა იმას, რაც დღეს მოხდა, განაცხადა: „დიახ, ეს კარგი არ იყო“.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ხელი უნდა მოეწეროს მინერალების შესახებ შეთანხმებას, თუმცა ეს „საკმარისი არ არის“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ შეუძლია რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.
„ჩვენთვის ისინი მკვლელები არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინას სურს მშვიდობა და დიპლომატია, თუმცა მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს ევროპა, ანუ, უნდა მოიცავდეს უკრაინას, რუსეთს, აშშ-სა და ევროპას.
„ჩვენ არ გვსურს ევროპის დაკარგვა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0