
პარტია „გირჩი“ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.
მისი თქმით, მესამე ცენტრზე საუბარი დღევანდელი მოცემულობით შეუძლებელია.
„ჩვენ ჩვენი სიტყვა არ შეგვიცვლია, „გირჩი“ ისევ მარტო იქნება ბილეთში 36 ნომრად. არ ვაპირებთ ვინმესთან გაერთიანებას. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს ღია სია და თუ ვინმეს არ უნდა დიდ პარტიებთან, დაქირავებულ პოლიტიკოსებთან ყოფნა, შეუძლია მოვიდეს, მონაწილეობა მიიღოს შიდა პრაიმერიზში. ჩვენი მხარდამჭერები წერენ სიას და შეუძლიათ ამ სიაში მოხვდნენ, მზა ინფრასტრუქტურა გვაქვს, რომ პარლამენტში მოხვდეს ადამიანი“, - აცხადებს ჰერმან საბო.
შეგახსენებთ, პოლიტიკურ პარტიებში ახალი ალიანსების ჩამოყალიბების პროცესი გრძელდება. „გირჩი“, „ლელო“ და პარტია „საქართველოსთვის“ არავისთან ერთობას არ გეგმავს.
„ნაცმოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გამარჯვების პლატფორმა შექმნეს.
ნიკა მელიამ საარჩევნო ნომერი დააანონსა, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის. საარჩევნო ნომერი 4 მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.
მმართველი გუნდი ოპოზიციის ერთობას კი უპერსპექტივოს უწოდებს.
0
0