არ მოისვენებს „ნაციონალური მოძრაობა“ და არ მოასვენებს ამ ქვეყანას, სანამ მართლა მათი გასამართლება არ მოხდება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საფრთხე, რომ საქართველოს ჩართვა მოხდეს ომში, არ შემცირებულა.
„დღეს უკვე დადგა დრო, რომ 2008 წლის ომის დანაშაულის საქმე იყოს გამოძიებული ბევრი მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ არ მოისვენებს „ნაციონალური მოძრაობა“ და არ მოასვენებს ამ ქვეყანას, სანამ მართლა მათი გასამართლება არ მოხდება. მეორე მიზეზია, თუ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, არ ვიქნებით მართლები არც საქართველოს მოსახლეობის წინაშე, არც ჩვენი დევნილების, არც ჩვენი ქვეყნის ისტორიის და არც იმ გარდაცვლილი გმირების სულების წინაშე, რომლებმაც თავი დადეს სამშობლოსთვის და არც რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მოკლული საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების სულის წინაშე, რომლებიც ამ სისხლიან ომს შეეწირნენ. მესამე და მთავარი მიზეზი, რომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული, არის ის, რომ ვხედავთ, მსოფლიოში ესკალაცია უფრო და უფრო მეტად იზრდება. თუ ვერავინ წარმოიდგენდა 2 წლის წინ, რომ უკრაინის ომი შეიძლებოდა 2024 წელში გადასულიყო, ახლა ვერავინ ამბობს როდის დასრულდება. ისრაელი უკვე ღიად ამბობს, რომ მოხდება თავდასხმები ჰესბოლასა და ლიბანის წინააღმდეგ. რაღაცნაირად ფართოვდება კონფლიქტების არეალი და შესაბამისად, საფრთხე, რომ საქართველოს ჩართვა მოხდეს ომში, არ შემცირებულა. ამას შიგნით „ნაციონალური მოძრაობა“ და უცხო ქვეყნების სხვა აგენტურა, ასევე, გარედან ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაუძინებელი მეგობრები არაერთხელ აჟღერებენ ხოლმე, ოღონდ ახლა უფრო შეფარვით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
„ხალხის ძალა“ კვლავ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს. მოძრაობის წევრები მორიგ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმებაზე საუბრობენ. ამასთან, წერილში პარალელია გავლებული აგვისტოს ომსა და რუსეთ - უკრაინის ომს შორის.
0
0