08/12/2022
13:57
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ - ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ, ომი ჩვენთან არ არის და ეს გვეყოფა დადებითი პიარის მოსაპოვებლად, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ხვიჩიას შეფასებით, „ეს ძალიან რთულად ასახსნელი და დასაცავი პოზიციაა“.
„ამ წუთში მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის დასავლურ მომავალზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გამოიხატება და ჩვენ ამ პოზიციის სულ კრიტიკოსები ვართ. არ მინდა, რომ ეს ისე გასაღდეს, როგორც ერთი ადამიანის - ღარიბაშვილის პოზიცია.
ჩვენი ქვეყნის პოზიცია არის არასწორი, როგორც არასათანადო გულშემატკივრობის, რასაც გვეუბნებიან შენიშვნის სახით. ამის საწინააღმდეგო პოზიცია არის ის, რომ სამაგიეროდ, „ჩვენთან ომი არ არის და მშვიდობის ქვეყანა ვართ“ დ ა.შ. ეს მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის - ეს მორალის და პოლიტიკური პოზიციის ამბავია.
თავის დროზე „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია მე ძალიან კრიტიკულად შევაფასე და აზრი არ შემიცვლია, მაგრამ მთავარია სიტყვებზე არ ვიყოთ გამოკიდებული და მთავარი გაგვეპაროს სიტყვებს მიღმა. მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის ის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე არ მჯერა, რომ ღარიბაშვილი რუსეთს გულშემატკივრობს, ამ ქვეყანაში რუსეთს არავინ გულშემატკივრობს", განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა.
ამასთან, მან ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მიმართ პრორუსულობის ბრალდების შესახებ ისაუბრა - ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მსგავს ბრალდებაში მისი კოლეგები განსხვავებულ რამეს გულისხმობენ.
„რას გულისხმობს „პრორუსული პოლიტიკა“? ჩემი კოლეგები როდესაც ამაზე საუბრობენ, სხვადასხვა რამეს გულისხმობენ. ორივე მხარეს რომ დაეთანხმო, სხვადასხვა რამეს უნდა დაეთანხმო - პირადად მე პრორუსული მგონია ნებისმიერი შეცდომა, რომელიც ამ ქვეყანას აზიანებს.
ასეთი შეცდომების კასკადს უშვებს ეს ხელისუფლებაც, უშვებდა წინა ხელისუფლებაც და იმის წინაც. ამ გაგებით მე რომ პრორუსული ვეძახო, ყველა პრორუსული ყოფილა, ვინც ხელისუფლებაშია, შეცდომებს უშვებდა და ამ მდგომარეობამდე მოგვიყვანა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0