22/03/2023
12:37
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ხალხის ძალის მიერ დაინიცირებულ და შემდეგ ჩაგდებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა. ყიფიანის თქმით, კანონპროექტის ავტორებმა არ გაითვალისწინეს გარემო-პირობები და ისტორიული პროცესი, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება.
"დიახ, მე გავაკეთე თავის დროზე შეფასება, მე ჩავთვალე და არამხოლოდ მე, რომ ინტერპრეტაციისა და კონტექსტური დანიშნულების აღქმის მხრივ, სასურველი იყო, რომ უკეთესი განმარტება მომხდარიყო, თუ რატომ ახლა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია და ჩვენ თითქოსდა გვქონდა იმის განწყობა, ყოველ შემთხვევაში მზაობა და მოლოდინი, რომ ამ კანონპროექტის დაძვრა, ინიციაცია გარკვეულ წილად იმ ოპონირებას გამოიწვევდა, რაც ჩვენ გვესმოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ." - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.
ყიფიანმა ასევე თქვა, რომ ამ კანონის მთავარი მიზანი, არასამთავრობო სექტორის "პროგნოზქვეშ მოქცევა" იყო, რადგანაც ეს სექტორი დღეს საქართველოში ძალიან გაძლიერდა და მას დიდი გავლენა აქვს ქვეყნის საზოგადო თუ პოლიტიკურ პროცესებზე.
"ალბათ განზრახვა სწორედ ამაში მდგომარეობდა, რომ ეს სექტორი, რომელიც ძალიან მოძლიერდა, რომლის ხმაც ძალიან წონადი გახდა ქვეყნის საზოგადო და პოლიტიკურ პროცესებში, რამენაირად, მე არ ვამბობ კონტროლქვეშ, მაგრამ რამენაირად უფრო პროგნოზირებადობის ქვეშ მოქცეულიყო, მაგრამ, ვიმეორებ რომ ამ მხრივ ახსნა-განმარტებამ, კონტექსტურმა განმარტებამ, შეიძლება მოიკოჭლა." - ამბობს ყიფიანი.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი უფლებადამცველის აზრით: "როდესაც ქვეყანაში არის გამართული მართლმსაჯულება, სახელმწიფოებრივი სისტემები, რა თქმა უნდა, მაშინ საფრთხე ან რისკი, რომ ესა თუ ის საკამათო კანონპროექტი იქნება გარკვეული გადახრებით ან ბოროტად გამოყენებული მაქსიმალურად მინიმალიზებულია".
ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ამ პროცესში არსებობდა ამოცანათა და გამოწვევათა კომპლექსი, რომელიც ხელისუფლებას გამორჩა, მათ შორის დასავლეთის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით.
"აქ ამოცანათა და გამოწვევათა კომპლექსი იყო, რაც მხედველობიდან გამორჩენილ იქნა, პლუს აქ გადავეკვეთეთ იმ საერთაშორისო გამოხმაურებას, რაც მკვეთრად უარყოფითი იყო ამ შემთხვევაში, ამდენად, ჩვენ მივედით იმ შედეგამდე რა შედეგამდეც მივედით და ამიტომაც, როდესაც ეს კანონი იქნა გაწვეული, არ მითქვამს რომ ეს იყო სწორი ან არასწორი, რადგანაც ამ მედალს ორი მხარე აქვს, მე ვთქვი რომ ეს არის რაციონალური, რადგანაც იმ მომენტში ვფიქრობ რომ ეს იყო გონივრული და სწორი გადაწყვეტილება." - ამბობს ყიფიანი.
0
0