
ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებული ესებუა პროცესს ონლაინ რეჟიმში ესწრება. მოსამართლის კითხვაზე ესებუამ თქვა, რომ არ სურს პროცესს სკაიპით ესწრებოდეს.
„ნორმალურად არაფერი მესმის. სურვილი მაქვს პროცესს თავად ვესწრებოდე“, - აცხადებს ესებუა.
ბადრი ესებუა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0
0