-share.jpg)
10 ნოემბერს პარლამენტში „რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტის წარდგენისას, ამ ინიციატივას კრიტიკულად გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია.
მან კითხვით მიმართა კანონპროექტის წარმდგენს - თამარ გაბუნიას და განაცხადა, რომ ამ ცვლილებებით იმ ბავშვებს, რომლებიც სუროგაციის შედეგად დაიბადნენ, ინიციატორები შეურაცხყოფას აყენებენ.
„მაინტერესებს, თქვენი ამ ცვლილებებით ვის ერჩით? ერჩით რეპროდუქციის შედეგად დაბადებულ ბავშვებს და მიგაჩნიათ, რომ მათ ინტერესებს იცავთ? იცავთ რეპროდუქციის პროცესში მონაწილე მშობელს, რომელიც, ამ შემთხვევაში, შემკვეთია, უნდა, რომ შვილი ჰყავდეს და ამისთვის იბრძვის თუ ებრძვით იმ ადამიანს, რომელიც უშვილო წყვილებს შვილის გაჩენაში ეხმარება? ჩემი აზრით, სამივე ეს ადამიანი, ვინც ამის შედეგად დაიბადა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, კარგი ადამიანია...
მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე რეპროდუქციულ საკითხს ეხება, თითქოს, სათაკილო საქმე იყოს, ისეთი კონტროლის მექანიზმები გაქვთ შემოთავაზებული, თითქოს, რომელიმე ეს მონაწილე ცუდ საქმეს აკეთებდეს, თითქოს, ამის შედეგად ცუდი ხდება ამ ქვეყანაში და ჩვენ მისი შედეგების აღმოფხვრა გვინდა.
არ ვიცი, ამას ნებაყოფლობით აკეთებთ, არანებაყოფლობით აკეთებთ, მაგრამ, სინამდვილეში, იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს აქამდე გაუკეთებიათ, იმ ბავშვებს, რომლებიც ასე დაიბადნენ, შეურაცხყოფას აყენებთ, თითქოს, რაღაც ცოდვილი საქმიანობის შედეგად დაიბადნენ...
არც კი მესმის, სინამდვილეში, ამით რას ვარეგულირებთ?! მე ვერ ვხვდები განსხვავებას რეპროდუქციის შედეგად დაბადებულ და ჩვეულებრივი სქესობრივი აქტით ჩასახულ ბავშვს შორის. რანაირად შეიძლება, ერთ შემთხვევაში, ვაჭრობის რისკები არ იყოს და მეორე შემთხვევაში, დგებოდეს ვაჭრობის რისკი? ვაჭრობასთან საერთოდ რა შუაშია ბავშვი როგორ ჩაისახება?“ – თქვა იაგო ხვიჩიამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ამ კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ სფერო დასარეგულირებელია, რადგან ბავშვით ვაჭრობის რისკები არსებობს.
„აღიარებულია, რომ სუროგაცია შეიძლება იყოს სექტორი, რომელიც შეიძლება ბავშვით ვაჭრობისთვის სფეროს წარმოადგენდეს. რეგულაციის მცდელობაა, რომ სფეროში არ ხდებოდეს ბავშვით ვაჭრობა და ხდებოდეს მხოლოდ ალტრუისტული მოტივაციით“, - თქვა სარჯველაძემ.
ცნობისათვის, სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი ბიუროზე 19 ივნისს დაინიცირდა. მთავრობის ინიციატივა სუროგაციას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდის ნებადართულს.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025