02/03/2023
11:14
სამხედრო
„ჩვენ გვექნება რამდენიმე ალტერნატივა და პირს თავისი სურვილის შესაბამისად და იმ რეალობიდან გამომდინარე, როგორც თვითონ ისურვებს, შეეძლება არჩევანის გაკეთება, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში, სადაც მან თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამა სტუდენტებისთვის მოიცავს საერთო ჯამში 4-თვიან საწვრთნელ მომზადებას. ჯუანშერ ბურჭულაძემ სტუდენტების გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობებზეც ისაუბრა.
„ბევრად მოქნილია ახალი კოდექსი, საშუალებების ბევრად დიდ დიაპაზონს მოიცავს. სტუდენტს ექნება არჩევანის უფლება, ასევე ექნება საშუალება, გამოხატოს საკუთარი ნება და ნებაყოფლობით გაიაროს გაწვევამდე სავალდებულო სამსახური.
ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება წლის განმავლობაში, მხოლოდ ზაფხულში, ერთი თვით გაიაროს მომზადება და აღარ იქნება იგი ვალდებული სავალდებულო სამსახურის მიმართ. ასევე, უცხოეთში მყოფ სტუდენტს ექნება იგივე საშუალება, აირჩიოს აღნიშნული პროგრამა და წლის განმავლობაში ერთხელ, ზაფხულში ჩამოვიდეს და გაიაროს ეს საწყისი მომზადების კურსი“, - განმარტა მინისტრმა.
მისი თქმით, სტუდენტის სტატუსი აღარ იქნება სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი, თუმცა, სტუდენტობა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად იქნება გაწვეულთა სიაში სტუდენტი.
„გადავადება იქნება, გარდა იმ მოტივაციებისა, რაც იყო აქამდე დადგენილი გათავისუფლებისთვის, მხოლოდ ერთხელ, თანხის სანაცვლოდ. დისკრიმინაციული არცერთი მიმართულებით არ არის აღნიშნული კანონპროექტი და გადავადება პირს შეეძლება მხოლოდ ერთჯერადად, 10 000 ლარის სანაცვლოდ და იგი ავტომატურად, შემდეგ წელს აღარ მოხვდება შესარჩევთა სიაში, არამედ ავტომატურად იქნება ვალდებული შემდეგ წელს გაიაროს სავალდებულო სამსახური“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ინდივიდუალურ შემთხვევებზეც ისაუბრა: „ვნახე დღეს რომ, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდებოდა ამ სიაში. ეს არის ტყუილი, ასე არ იქნება. ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ სუბიექტური გადაწყვეტილების საშუალება. ავწიეთ პრემიერის დონეზე ისეთი ინდივიდუალური შემთხვევები, როგორიც არის, ვთქვათ, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული ცვლილებების მიზანია, რომ საქართველოს ჰყავდეს მომზადებული რეზერვი.
„ჩვენ ამ მიზანს სხვანაირად ვერ მივაღწევთ და ამაში ჩვენს საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, ეს გარდაუვალია ჩვენნაირ გარემოში არსებული ქვეყნისთვის, რომ არ ჰყავდეს ქვეყანას მომზადებული რეზერვი. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ გავითვალისწინეთ დღევანდელი მდგომარეობა, არ გადავდგით ისეთი რადიკალური ნაბიჯები, რაც რევოლუციური იქნებოდა საზოგადოებისთვის, არამედ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო პირობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ვინც არჩევს სავალდებულო სამსახურის გავლას“, - აღნიშნა მინისტრმა
0
0