-share.jpg)
შტატებში ქართველი მოსამართლეების გამგზავრებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, პატივისცემას იმსახურებენ ის მოსამართლეები, რომლებიც ოთხი მოსამართლის უარის შემდეგ დათანხმდნენ ვიზიტს.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო მოსამართლეების მიმდინარე სასწავლო ვიზიტს აშშ-ში. მოსამართლის ნებისმიერი საჯარო ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება მის მიმართ ნდობაზე აისახება და მიუთითებს, არის თუ არა მედეგი. როგორც იცით, რამდენიმე ხნის წინ მოსამართლეების ნაწილმა უარი თქვა სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე (5-დან 4-მა), შესაბამისად აღნიშნულმა აქტმა, ამ კონტექსტში, დატოვა განცდა, რომ ეს იყო არა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, არამედ ზემოქმედების შედეგი.
ასეთ დროს ჩნდება კითხვა: მოსამართლეს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას; ის როგორ შეძლებს განაჩენის გამოტანას დამოუკიდებლად იმ შემთხვევაში, თუ მასზე პოლიტიკურ, შიდა ან სხვა სახის ზეგავლენას ექნება ადგილი?
ამჟამად სასწავლო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება რამდენიმე მოსამართლე. მათ შორისაა ქალბატონი ნინო ელიეშვილი. როგორც ჩანს, ის არ დაემორჩილა კლანურ წესებს და ფსევდო სოლიდარობის აქტში არ მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, პატივისცემას იმსახურებენ ის მოსამართლეები, რომლებმაც 4 მოსამართლის უარის შემდეგ დათანხმდნენ ვიზიტს.
მოსამართლეების ეს გადაწყვეტილება მათ მედეგობაზე მიუთითებს.
განსაკუთრებით ახლა, მოსამართლეების მიმართ ამ ინტენსიური ხელისუფლების განცხადებებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. პოლიტიკური სოლიდარობის ფონზე“, - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.
0
0
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
11/08/2025