
სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მწვავედ გააკრიტიკა; „შენ გიჟი ხარ” – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წერს.
როგორც „აქსიოსი” წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტრამპმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ბეირუთზე დარტყმის განხორციელება ისრაელის საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებდა.
წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის ლიდერს „გიჟი“ და „უმადური” უწოდა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ტრამპმა განაცხადა, რომ მის გარეშე ნეთანიაჰუ შესაძლოა, ციხეშიც აღმოჩენილიყო.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა განუცხადა ნეთანიაჰუს: „შენ გიჟი ხარ. მე რომ არა, ციხეში იქნებოდი. მე გეხმარები. ახლა ყველას სძულხარ. ამის გამო ყველას სძულს ისრაელი“.
მეორე წყარომ, რომელიც სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმირებული იყო, განაცხადა, რომ ტრამპი „გაბრაზებული“ იყო და ერთ მომენტში ნეთანიაჰუს დაუყვირა: „რა ჯანდაბას აკეთებ?“ როგორც წყარო აცხადებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა: „კარგი, კარგი, უბრალოდ დარწმუნდით, რომ ყველაფერი მოგვარებულია“.
როგორც გამოცემა წერს, ეს ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სატელეფონო საუბარი იყო. წყაროების შეფასებით, ტრამპის გაღიზიანების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ლიბანში ესკალაცია საფრთხეს უქმნიდა აშშ-სა და ირანის შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებთან შუამავლების მეშვეობით გამართული კონტაქტების შედეგად მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
0
0