23/07/2023
18:01
საზოგადოება
“აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ თაობაზე გაცნობებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის მოსამზადებლად, ექსპერტების ჯგუფმა, ინტენსიური მუშაობის პირობებში, მოამზადა პროტოკოლის პროექტი, რომელიც ექსპერტიზისა და შეთანხმებისთვის, გაიდლაინების ეროვნულ საბჭოს, მიმდინარე წლის 27 ივნისს გაეგზავნა”, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გაიდლაინების საბჭოს წევრების შენიშვნები, ასევე მწარმოებლის მიერ დაყენებული მოთხოვნები, ქვეყანაში მედიკამენტის დანერგვისთვის, მულტიპროფილური კლინიკის, მრავალდისციპლინური გუნდისა და მკურნალობაზე დამყოლობის თაობაზე საკითხები განხილულ იქნა 3 ივლისს ჩატარებულ იშვიათი დაავადებების საბჭოზე, რომელსაც ესწრებოდა მშობლების ჯგუფი. საბჭოზე დაითქვა სავარაუდო ვადა განახლებული პროტოკოლის დამტკიცებისთვის (15-20 ივლისი). პროტოკოლის ჯგუფის წევრებმა, დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობის გამო, მ.შ. საერთაშორისო ექსპერტთან, განახლებული პროტოკოლი სამინისტროში წარმოადგინეს 19 ივლისს. აღნიშნულის შესახებ, ამავე დღეს, განახლებული ინფორმაცია, წერილობით, მიეწოდა იშვიათი დაავადებების საბჭოს ყველა წევრს, მათ შორის - მშობლებს.
გარდა ამისა, მშობლების ჯგუფი მუდმივ სატელეფონო კომუნიკაციაში იყო სამინისტროს პასუხისმგებელ თანამშრომელთან, პროტოკოლის მომზადების სტატუსის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოს ყველა შეხვედრას ესწრებოდა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მშობელთა ჯგუფი და შუქდებოდა მედიასაშუალების მიერ.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ გაიდლაინების საბჭოს განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილებისთვის უნდა ჰქონდეს გონივრული ვადა - ამდენად, საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა განესაზღვრათ 24 ივლისამდე. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცედურები და ექსპერტების მუშაობისთვის შესაფერისი ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს.
საბჭოს წევრების წერილობითი დასტურის შემდეგ, პროტოკოლი დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები კომპანია „ბიომარინთან“, ხელშეკრულების პირობების დაზუსტების მიზნით. სამინისტრო გამოხატავს მზაობას იშვიათი დაავადებების საბჭოს რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებასთან დაკავშირებით. მედიკამენტის დანერგვის პროცესი წარიმართება საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. სამინისტრო გააგრძელებს პროცესის კოორდინაციას ყველა ჩართულ და დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით“, “, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ამასთან, სამინისტრო ავრცელებს 19 ივლისს იშვიათი დაავადებების საბჭოს წევრებთან, მათ შორის მშობლებთან, ამავე დღეს გაგზავნილ წერილსაც.
„საბჭოს პატივცემულო წევრებო, მოგესალმებით!წარმოგიდგენთ 2023 წლის 03 ივლისს გამართული საბჭოს შეხვედრის შემდგომ მიმდინარე პროცესების თაობაზე განახლებულ ინფორმაციას:პროტოკოლის სამუშაო ჯგუფმა, 2023 წლის 19 ივლისს, სამინისტროში წარმოადგინა განახლებული ,,აქონდროპლაზიის და ჰიპოქონდროპლაზიის დიაგნოსტირება და მართვა 0-18 წლის ასაკში’’ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი);პროტოკოლი განსახილველად წარედგინა გაიდლაინების საბჭოს. პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით, გაიდლაინების საბჭოს ეთხოვა მოსაზრებების წარდგენა 2023 წლის 24 ივლისის დღის ბოლომდე;გრძელდება მოლაპარაკება კომპანია ბიომარინთან.საკოორდინაციო საბჭოს ჩატარების თარიღს გაცნობებთ დამატებით.დანართი სახით გიგზავნით საკოორდინაციო საბჭოს 2023 წლის 03 ივლისის შეხვედრის ოქმს“, - აღნიშნულია წერილში.
0
0