
ახლო აღმოსავლეთში ხუთკვირიანი ომის შემდეგ ნათელია, რომ კონფლიქტის ძირეული მიზეზების მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული თავისუფლების აღდგენა უზრუნველყოს.
„ახლო აღმოსავლეთში ხუთკვირიანი ომის შემდეგ, ნათელია, რომ მის ძირეულ მიზეზებს მხოლოდ დიპლომატიური გადაწყვეტა მოაგვარებს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ენერგეტიკული ობიექტების მიზანში ამოღება უკანონო და მიუღებელია. ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ყველგან ვრცელდება. ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა ირანის რეჟიმის მთავარი მსხვერპლია. ის ასევე იქნება სამხედრო კამპანიის გაფართოების მთავარი მსხვერპლი. როგორც ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს აღვნიშნე, ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონის ქვეყნებზე და უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული თავისუფლების აღდგენა. ესკალაციით ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა ვერ მიიღწევა. ამას მხოლოდ მოლაპარაკებები, კერძოდ, რეგიონული პარტნიორების ხელმძღვანელობით მიმდინარე ძალისხმევა უზრუნველყოფს,“ – წერს ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელ „იქსზე“.
0
0