
პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ და მისი ტელევიზია „ალტ-ინფო“ „მაიდანის სცენარზე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციას იმეორებენ და „ანტიმაიდანს“ აანონსებენ.
„ალტ-ინფოს“ ლიდერებმა 22 სექტემბერს გამოაცხადეს, რომ „ანტიმაიდანის მოძრაობა“ ყალიბდება „პროდასავლური ჯგუფების მხრიდან საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალებისა და მაიდანის მოწყობის აღსაკვეთად“.
პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი ქარდავა ამბობს, რომ „შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს პროცესი დაიქოქა“, ამიტომაც „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაყალიბებთ ანტიმაიდანს“.
პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო ამბობს, რომ „მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება თანამოაზრეების ორგანიზება იმ ერთობაში, რომლის შინაარსიც იქნება შესაძლო მაიდანისთვის წინააღმდეგობის გაწევა“.
„ჩანს, რომ „ოცნებას“ - იმ ძალას, რომელიც მოიაზრება პირველი შედეგის ობიექტად, მორალური პოზიცია არ გააჩნია ისეთი, რომელსაც მდგრადად შეუძლია დასავლური შემოტევის ეფექტური წინააღმდეგობის ორგანიზება“, - აცხადებს მარტინენკო.
მარტინენკო ამბობს, რომ პარტია დაიწყებს „რაზმების, გნებავთ, ჯგუფების, მოხალისეების, რაიონების მიხედვით“ ორგანიზებას - სიების შედგენად ადამიანებისა, რომლებიც „ერთ დაძახილზე“ იმოქმედებენ.
მარტინენკო და ქარდავა აცხადებენ, რომ ორშაბათს უფრო დეტალურად ისაუბრებენ გეგმებზე.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0