
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიად მიიჩნევს.
კერძოდ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით.
გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. ეს დადგენილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ბიუროს ხელმძღვანელი პირი ჩაიდენს ნარკოდანაშაულს და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევა, ამისთვის არ იქნება გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.
ცვლილებები, ასევე, ეხება ბიუროს ხელმძღვანელისთვის ბიუჯეტის განსაზღვრას და ფინანსური ხარჯების განკარგვის თავისუფლებას, თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მამხილებლის დაცვის გაძლიერებას.
0
0