
ანკარაში ვიზიტისას ვისაუბრეთ იმაზე, რომ შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა მიუღებელია და სამწუხაროდ, ეს ახალი ტენდენციაა, რომ უფრო ხშირად ხდება უცხოელი აქტორების ჩარევა საშინაო საქმეებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბრის მთავარი თემა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები და ომები იყო.
„ჩვენი საერთო გზავნილია, რომ საქართველომ და თურქეთმა ერთად უნდა იმუშაონ და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ, რათა ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის თურქეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ თურქეთში მშვიდი და სტაბილური გარემო იყოს, რაც საჭიროა რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით, ანკარაში გამართულ შეხვედრებზე „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონზეც ისაუბრეს და მოსაზრებები გაცვალეს.
„თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ ორმაგი სტანდარტი მათთვისაც მიუღებელია და ისინი ხშირად არიან ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი, რადგან რაც შეიძლება, კარგი იყოს ევროპაში ან ამერიკაში, ის როგორ შეიძლება, ცუდი იყოს საქართველოში ან თურქეთში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა მიუღებელია და სამწუხაროდ, ეს ახალი ტენდენციაა, რომ უფრო ხშირად ხდება უცხოელი აქტორების ჩარევა საშინაო საქმეებში“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
0
0