
პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა ქვეყნის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, ხოლო ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი იყო.
ამასთან, ანჯეი დუდას კანცელარიის ხელმძღვანელმა, მალგოჟატა პაპროცკამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ახალი პრეზიდენტის მომავალი კანცელარიის პოტენციური შემადგენლობის შესახებ.
„შეიცვლება თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიცია, დღეს ამის პროგნოზირება რთულია. რაში მდგომარეობს პრეზიდენტ დუდას პოზიცია, უკრაინამ უნდა იმოძრაოს ნატო-სა და ევროკავშირისკენ – ეს მისი მრავალწლიანი თანმიმდევრული შეხედულებაა“, – განაცხადა პოპროცკამ.
შეხვედრის შემდეგ კაროლ ნავროცკიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ანჯეი დუდას შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, პოლონეთის ახალი პრეზიდენტი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგია. ნავროცკიმ არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოფიციალურად მიიღო „კონფედერაციის“ ლიდერის, სლავომირ მენცენის მოთხოვნები, რომელთა შორისაა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლის დაპირება. სლავომირ მენცენთან ერთად, რვა პუნქტისგან შემდგარი დეკლარაციის ხელმოწერა პირდაპირ ეთერში მოხდა.
პოლონეთში პირველ ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა. მან მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი დაამარცხა, რომელმაც ხმათა 49.1 პროცენტი მიიღო.
0
0