
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა საქმიანი და საინტერესო იყო.
მისივე თქმით, საპატრიარქო შეეცდება, საკითხი სიღრმისეულად შეისწავლოს.
„შეხვედრა იყო საქმიანი და ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ბევრი საკითხია, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას ამ სფეროში. ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის კარგად შესწავლილი დაავადება და სიახლეების მოლოდინში არიან მშობლები. ჩვენ, საპატრიარქოს, გვაქვს გარკვეული გამოცდილება საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებში ჩართვისა. ასეთი საკითხები წყდებოდა ხოლმე გაფართოებული ფორმატით, სადაც სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. შევეცდებით, საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის ჩვენი მონაწილეობით. საპატრიარქოს მხრიდან ჩართული იქნება წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. ასე რომ, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს შესაბამისი დახმარება მიეცეთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
0
0