
რუსეთის მხრიდან თავდასხმა სამშვიდობო ძალისხმევის უგულებელყოფას აჩვენებს, პარტნიორებს გადამწყვეტი რეაგირებისკენ, საჯარო დაგმობისკენ მოვუწოდებთ
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პარტნიორებს მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად ზომების დაუყოვნებლივ მიღებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, თავდასხმა რუსეთის მხრიდან სამშვიდობო ძალისხმევის უგულებელყოფას აჩვენებს და შესაბამისად, მას „გადამწყვეტი რეაგირება“ უნდა მოჰყვეს.
„მკაცრი სანქციების ახალი რაუნდები, რათა რუსეთს ტერორისა და ომისთვის საჭირო რესურსები ჩამოერთვას. უკრაინისთვის თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტები, რათა ჩვენი ხალხი უკეთ დავიცვათ და დამპყრობლები უკან დავხიოთ. ახალი ნაბიჯები რუსული დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით,“ – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორებს ასევე მოუწოდებს, რუსეთის ქმედებები საჯაროდ დაგმონ.
„ჩვენ ვაცნობთ პარტნიორებს ღამის დარტყმების შედეგების შესახებ და გადამწყვეტი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ. მოვუწოდებთ საჯარო დაგმობისკენ, განსაკუთრებით მათ, ვინც ცოტა ხნის წინ შეშფოთებით რეაგირებდა პუტინის რეზიდენციაზე განხორციელებულ ყალბ თავდასხმაზე“, – წერს სიბიგა და აღნიშნავს, რომ რუსეთის ტერორსა და სისასტიკეს პასუხი ერთობლივი ძალებით უნდა გაეცეს.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ომის დამნაშავე“ კიდევ ერთხელ უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმები უკრაინელებს ულტიმატუმების მიღების ნაცვლად, პირიქით უფრო აერთიანებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაზე დარტყმისთვის „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტის გამოყენება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ შეაფასა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვა. ასევე დაანონსა რომ რეაგირება მოხდება ევროკავშირის, ევროპული საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებშიც.
„ნატო – ევროკავშირის საზღვართან ასეთი დარტყმის განხორციელება ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხესა და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის გამოცდას წარმოადგენს. ჩვენ რუსეთის დაუფიქრებელ ქმედებებზე გადამწყვეტ რეაგირებას მოვითხოვთ“, – წერს ანდრეი სიბიგა.
0
0