
უნგრეთის პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე ქვეყნის ახალ პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი იურისტი ანდრაშ ბაკა აირჩია.
73 წლის კანდიდატს მხარი 140-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 6 იყო, ხოლო თავი არავის შეუკავებია. კენჭისყრა ფარულად წარიმართა.
ახალი სახელმწიფო მეთაური მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 19 აგვისტოდან შეუდგება.
მმართველმა პარტიებმა "ფიდესმა" და ქრისტიან-დემოკრატებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი წინასწარ განაცხადეს. პროტესტის ნიშნად, ფრაქციის წევრებმა ქალაქ ტატაში 1956 წლის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1991–2008 წლებში ანდრაშ ბაკა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა. შემდეგ, 2009 წელს, ის უნგრეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა.
ოპოზიციამ ანდრაშ ბაკას კანდიდატურა მკაცრად გააკრიტიკა წარსულში მიღებული ორი სასამართლო გადაწყვეტილების გამო. კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისას მან 1956 წლის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული გაამართლა, ხოლო „მი ჰაზანკის“ ლიდერმა ის 2006 წლის პოლიტიკური მოვლენების მსხვერპლთათვის კომპენსაციის მიკუთვნებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.
პრეზიდენტის პოსტზე ანდრაშ ბაკას კანდიდატურა პარტია "ტისას" ლიდერმა, პიტერ მაგიარმა წარადგინა, რაზეც ანდრაშ ბაკამ თანხმობა განაცხადა.
აღნიშნულს წინ უძღოდა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება და წინა პრეზიდენტის, ტამაშ შულიოკის გადადგომა, რათა მთავრობას საკონსტიტუციო ცვლილებების გზით პრეზიდენტის პოსტი გაეთავისუფლებინა.
18 ივლისს ბაკას წინამორბედმა, ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც უნგრეთის პარლამენტმა, საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, შულიოკს ხუთი დღე ჰქონდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებისთვის ხელი მოეწერა ან ვეტო დაედო.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს პეტერ მადიარმა პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, შეცვლიდა უნგრეთის კონსტიტუციას და თანამდებობებიდან გაათავისუფლებდა წინა ხელისუფლების მიერ დანიშნულ იმ თანამდებობის პირებს, მათ შორის იყო პრეზიდენტი შულიოკიც.
0
0