ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, ჰუმანიტარული ნიშნით შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი ცვლილება შევიდა. ფოტიგას თქმით, ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
„მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ციხეში მოკვდეს.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს.
დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღო ჩემ მიერ შეტანილი ორი ცვლილება“,- წერს ანა ფოტიგა „ტვიტერში“,
დოკუმენტში, რომელსაც ანა ფოტიგა ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ამ შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება, რათა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას.
ანა ფოტიგას შესწორების თანახმად, დოკუმენტში ასევე მკაცრად გმობენ რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, კონკრეტულად კი ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის აშენებას და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის დასასჯელად.
ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა.
0
0