
ისინი ან „ყვარყვარეს ციხეს“ ააშენებენ და ყველას გამოგვკეტავენ, ან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი გავუშვათ დამსახურებულ ადგილას, სადაც ეკუთვნით, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავება.
მისი განცხადებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემაც ძალიან კარგად იცის, რომ ელენე ხოშტარიამ ბანერზე სიმართლე დაწერა.
„რეჟიმს ეშინია იმ მყიფე ძალაუფლების დაკარგვის, რომელიც მას აქვს. პატარა არაკაცები გამოდიან და ქალების შეურაცხყოფას არა მხოლოდ ამართლებენ, არამედ კაცის სახე აქვთ დაკარგული. როდესაც ერთ დღეს ამბობენ, რომ ისინი პატრიოტები არიან და ღირსებას იცავენ, ეს კიდევ ერთი სახეა, მათ შორის მათი უღირსობის. ფლომასტერით მინაწერი, სიმართლე კახა კალაძემაც ძალიან კარგად იცის, იყო ის საბაბი, რის გამოც ახლა უკვე ელენე დააკავეს და წინა დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. ამიტომ, ისინი ან „ყვარყვარეს ციხეს“ ააშენებენ და ყველას გამოგვკეტავენ, ან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი გავუშვათ დამსახურებულ ადგილას, სადაც ეკუთვნით. ეს უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტით, იმ წინააღმდეგობით, რომელიც 300 დღეზე მეტია გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ არის იმის ნიშანი, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების სიმყარე“, - განაცხადა აქუბარდიამ.
ამასთან, მისი შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება „ქართული ოცნების“ გუნდში არსებულ „კლანურ“ დაპირისპირებას“ უკავშირდება.
„ლიბერალიზმთან მებრძოლი, 8 შვილის მამის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება სულაც არ უკავშირდება კორუფციას, ეს არის კლანური ბრძოლა, შიში გაგდებულებსა და არსებულ გუნდს შორის, კობახიძის თამადობით. კობახიძემ მოუგო ირაკლი ღარიბაშვილს ის პარტია, რომელიც მისი სრული ძალაუფლების კონცენტრაციით დასრულდა და ახლა შიში აქვს, ეს ძალაუფლება არ შეირყეს. არაერთს აქვს ნანახი, როგორ მოისვრის ხოლმე ივანიშვილი თავის სანდო ჯარისკაცებს, როცა მას ისინი აღარ სჭირდება. თავად ივანიშვილი დგას კორუფციულ რეჟიმზე. ეს არის ის, რითაც მას ძალაუფლების შენარჩუნება ავტორიტარული მეთოდებით სურს. მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურ, სინდისის პატიმარს. ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა აქუბარდიამ ეთერში.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს. დაკავების მიზეზი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა. გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
0
0