31/07/2023
23:29
საზოგადოება
დღეს, დილის დაახლოებით 06:00 საათზე, ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ჩაუშვა ღუზა.
ლაინერი ბათუმის პორტში უკანასკნელი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ შევიდა და ორივე შემთხვევაში მის მგზავრებს პროტესტით დახვდნენ.
ბათუმის პორტში ლაინერი, მარშრუტის პროგრამის თანახმად, საღამომდე უნდა დარჩენილიყო და პროტესტის მიუხედავად, ასეც მოხდა.
Astoria Grande-ს გარშემო მოვლენების კომენტირებისას როგორც ქართული, ისე რუსული პრესის ნაწილი აღნიშნავს, რომ პროტესტმა შედეგი გამოიღო და ორგანიზატორებმა შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღეს, ნაწილი კი წერს, რომ რეისების შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება.
„აიპრესი" შეეცადა გაერკვია, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ინფორმაცია საკრუიზო მარშრუტებიდან ბათუმის ამოღების შესახებ.
ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით ანალიზი ცხადყოფს, რომ Astoria Grande-ს 29 აპრილიდან 29 ივლისის ჩათვლით რამდენიმე სხვადასხვამარშრუტიანი, ჯამში 14 ერთკვირიანი კრუიზი ჰქონდა დაგეგმილი ჰქონდა.
14 კრუიზიდან მხოლოდ ორი, სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი და სოჭი-სტამბული-ამასრა-ბათუმი-ტრაპიზონი-სოჭი ითვალისწინებდა ბათუმის პორტში შესვლას და ტურისტებისთის 55 ევროდან 99 ევროს ჩათვლით ფასის რვა სხვადასხვა ექსკურსიის (ორთა ჯამეს მეჩეთი - პიაცას მოედანი - წმინდა ნიკოლოზის ტაძარი - ევროპის მოედანი - ანბანის კოშკი - სკულპტურა „ალი და ნინო"; „ალი და ნინო" - ანბანის კოშკი" - ევროპის მოედანი - პიაცას მოედანი - წმინდა ნიკოლოზის ტაძარი - ორთა ჯამეს მეჩეთი; ბოტანიკური ბაღი - დელფინარიუმი; მირვეთის ჩანჩქერი - „აჭარის ღვინის სახლი"; მახუნცეთის ჩანჩქერი - თამარ მეფის დროინდელი თაღოვანი ხიდი - „აჭარის ღვინის სახლი"; ცენტრალური სასურსათო ბაზარი - სავაჭრო ცენტრი „მეტრო სიტი" - „ბათუმი პლაზა"; „ეუფორია ჰოტელ ეფართმენტს ბათუმი" (სპა აუზი და კაზინო); პლაჟი - აუზი, აქვაპარკი დრიმლენდ ოაზისში).
5 აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ბოლომდე დაგეგმილი 25 კრუიზის (მათ შორის 4 მინი კრუიზის) მარშრუტების შესახებ ინფორმაცია წლის დასაწყისიდან დღემდე არ შეცვლილა და არცერთი კრუიზი ბათუმის პორტში შესვლას არ ითვალისწინებდა.
ინტერნეტში იძებნება 22 ივნისს და მომდევნო დღეებში რუსული პრესით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თურქეთის მხრიდან ლაინერის კრუიზების ოპერატორმა კომპანიამ, Miray Cruises-ს პრესცენტრმა დაადასტურა 22 და 29 ივლისის, აგრეთვე 2 დეკემბრის მარშრუტებში ცვლილების შეტანა და აღნიშნა, რომ ივლისში Astoria Grande ორჯერ ჩაუშვებდა ღუზას ბათუმის პორტში, ხოლო დეკემბერში ალექსანდრიასთან ერთად ტურისტები ისრაელის ქალაქ აშდოდს მოინახულებდნენ.
Miray Cruises-ს პრესცენტრის ცნობის ტირაჟირებისას რუსული პრესა მიუთითებდა, რომ ორგანიზატორთა ვარაუდით, „საქართველოს კურორტი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზღვაო მიმართულება".
თურქეთში საზღვაო მოგზაურობისას საქართველოს პორტში შესვლა საპილოტე ხასიათის იქნება, ტურისტებს თურქეთში ეგვიპტეში, ისრაელში და საქართველოში ვიზა არ ესაჭიროებათ, - წერდა პრესა.
რამდენიმე საათის წინ რუსულმა პრესამ ბათუმში მარშრუტების შეწყვეტის შესახებ კითხვაზე Miray Cruises-ს პრესსამსახურის პასუხი გაავრცელა:
„მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია დამახინჯებულია. ორი კრუიზი იყო დაგეგმილი ბათუმში შესვლით - 22 და 29 ივლისს. ამ კრუიზებზე გაყიდვების დასრულების შემდეგ ბათუმში შესვლით კრუიზები დასრულდა. პროგრამა ჩვენ სრული მოცულობით შევასრულეთ".
Astoria Grande-მ ბათუმის პორტი რამდენიმე საათის წინ დატოვა.
წყარო: ipress.ge
0
0