04/08/2023
22:19
პოლიტიკა
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კახა კალაძემ საკუთარი უდანაშაულობა უნდა დაამტკიცოს. თუმცა, ამასთანავე, ხუხაშვილი ამბობს, რომ “ადამიანურად შეუძლია გაუგოს თბილისის მერს”.
„მე ადამიანურად შემიძლია გავუგო კახი კალაძეს. ჩვენ ყველა მამები ვართ და საკუთარი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ისიც ცხადია, რომ ამ ტიპის დამთხვევები ხდება და მეც ძალიან მიხარია, რომ მისი შვილები გადაურჩნენ ამ უბედურებას.
ამასთანავე, მას უნდა ესმოდეს, რომ ამ აფექტურ ვითარებაში შესაძლოა ვიღაცას გაუჩნდეს კითხვები. შესაძლოა ძალიან უსამართლო, მაგრამ ის, როგორც საჯარო პირი, არ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით და მიუხედავად ყველაფრისა, ვალდებულია დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.
როგორ შეიძლება ეს გააკეთოს?
იმ გზაზე არის ვიდეო-კამერებით აღჭურვილი უამრავი ობიექტი, გასამართი სადგურები. ამოაღებინოს მისი ესკორტის გავლის კადრები და ყველა კითხვა მოიხსნება. მერე შეუძლია როგორც უნდა ისე ლანძღოს ოპონენტები, როგორც მამამ და როგორც მოქალაქემ….“ წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კახა ოქრიაშვილმა თბილისის მერს ბრალი დასდო, რომ შოვიდან საკუთარი ოჯახი ვერტმფრენით გამოიყვანა. „თუ დადგინდა, რომ კალაძემ სტიქიის ზონიდან ოჯახის გამოყვანისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული ტექნიკა გამოიყენა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს“ - განაცხადა ქრიაშვილმა.
ამასთან, ამ განცხადებას, კახა კალაძემ უპასუხა და დეპუტატ ოქრიაშვილს “ნაძირალა”, “ყველაფრისმკადრებელი” უწოდა.
0
0