07/11/2024
12:56
არჩევნები 2024
ამერიკული აუდიტორული კომპანია Pro V&V საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. კომპანიამ დამოუკიდებელი აუდიტორული მომსახურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ჩაატარა.
კომპანია განმარტავს, რომ აუდიტის დასკვნის მიზანია იმ პროცესებისა და პროცედურების დოკუმენტირება, რომლებიც Pro V&V, Inc.-მა განახორციელა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) შესაბამისობის აუდიტორული მომსახურების გაწევისას. Pro V&V-ის ცნობით, აუდიტი
ორიენტირებული იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
Pro V&V-მ ჩაატარა არჩევნებზე დაკვირვების აუდიტი, 26 ოქტომბრის არჩევნების პროცესზე დაკვირვების და ელექტრონული არჩევნების სწორად ჩატარების შემოწმების მიზნით. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, Pro V&V დააკვირდა არჩევნების ჩატარების პროცესს, კერძოდ უბნების კომისიის
წევრებს, უბნის ტექნიკურ პერსონალს (რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აპარატების ტექნიკურ მხარდაჭერაზე), ასევე თავად ამომრჩევლებს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერსონალთან დაკავშირებით, აუდიტი ფოკუსირებული იყო არჩევნების დღისთვის მათი მზადყოფნის შეფასებაზე, ხოლო ამომრჩევლების შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა ხმის მიცემის აპარატებით სარგებლობაზე. ამასთან, შეფასდა შედეგების გადაცემა, სიზუსტისა და ეფექტურობის დასადგენად“, – ნათქვამია ანგარიშში.
კომპანიის ცნობით, შემოწმებები ჩატარდა Pro V&V, Inc.-ის ხელმძღვანელობით და Pro V&V, Inc.-ის მიერ დამოწმებული კვალიფიციური პერსონალის მიერ. შემოწმება ჩატარდა საქართველოში, ქ. თბილისში.
„აუდიტის ჩეკლისტში მითითებულია საარჩევნო უბანი, დაკვირვების დრო და Pro V&V-ს აუდიტის ჯგუფის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ დაკვირვებაზე. ჩეკლისტში ასევე მითითებული იყო კონკრეტული შემოწმებები და ინტერესის ობიექტები. გათვალისწინებული იყო ამომრჩეველთა სიის სწორად ჩვენების გადამოწმება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ხმის მიცემის აპარატების მოწყობა, გადასატანი საარჩევნო ყუთის ჩვენება, მაქსიმუმ სამი ამომრჩევლის შესვლისა და გასვლის დრო, ასევე გამოუყენებელ კარებებზე დამცავი ლუქები და საკეტები და PCOS-ების რაოდენობა. დამატებით, დაფიქსირდა დაკვირვების დროს შედეგების გადაცემა და დაჯამება, ასევე დაკვირვების პროცესთან დაკავშირებული სხვა შენიშვნები“, – აღნიშნულია ანგარიშში.
კომპანია განმარტავს, რომ სულ დაკვირვება მოხდა 168 ამომრჩეველზე, 68 აქტივობაში – 01, 02, 03, 04, 05, 06, 11, 17, 30 და 32 ოლქებზე.
დაკვირვების შედეგების თანახმად, Pro V&V-მ დააფიქსირა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ხმის მიცემის პროცესში წარმოიშვა პრობლემები.
„პერსონალის მიერ გამოყენებული პროცესებით და პროცედურებით თითოეული პრობლემა წარმატებით წყდებოდა, რაც ამომრჩევლებს საშუალებას აძლევდა, მიეცათ ხმა. Pro V&V-მ დააფიქსირა რამდენიმე მნიშვნელოვანი შემთხვევა, სადაც პერსონალმა სწორად იმოქმედა: 17.23 ხმის მიცემის უბანზე, დაახლოებით 13:42 საათზე, ამომრჩეველს გაუჭირდა PCOS 2-ში ბიულეტენის მოთავსება. 17.23 ხმის მიცემის უბანზე, დაახლოებით 13:42 საათზე, ამომრჩეველს გაუჭირდა PCOS 2-ში ბიულეტენის მოთავსება. ბიულეტენის მოთავსების რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, სკანერი უბრალოდ არ იღებდა ბიულეტენს კონვერტიდან. PCOS 1-თან მყოფმა თანამშრომელმა ამომრჩეველს შესთავაზა ბიულეტენის PCOS 1-ში მოთავსება. განმეორებითმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და სკანერმა კვლავ არ მიიღო ბიულეტენი. PCOS 1-თან მყოფმა თანამშრომელმა თავად სცადა ბიულეტენის მოთავსება, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, PCOS 1-თან მდგომმა თანამშრომელმა შეამოწმა კონვერტი და აღმოაჩინა, რომ კონვერტში ორი ბიულეტენი იდო. მიმართეს უბნის კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც გამოართვა კონვერტი ამომრჩეველს. თავმჯდომარემ ამომრჩეველს სთხოვა, დაბრუნებულიყო ხმის მიცემის კაბინაში და შემდეგ გადასცა კონვერტი და სთხოვა ერთი ბიულეტენის დაბრუნება. ამომრჩეველმა ერთი ბიულეტენი გადასცა თავმჯდომარეს, რომელმაც საჯაროდ გამოაჩინა ცარიელი ბიულეტენი და დააბრუნა VIU ტერმინალზე. შემდეგ, ამომრჩეველი მივიდა PCOS 1- თან და წარმატებით მოათავსა ბიულეტენი აპარატში.
17.24 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით 13:55 საათზე, ამომრჩეველი მივიდა VIU ტერმინალთან ხმის მისაცემად. ჩაირთო „სიგნალი“, რაც ნიშნავდა, რომ მას ამ ლოკაციაზე ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. ამომრჩეველი უბნის თავმჯდომარესთან მიიყვანეს. მეორე ამომრჩეველი მივიდა იმავე VIU ტერმინალზე და „სიგნალი“ კვლავ ჩაირთო. ისიც თავმჯდომარესთან მიიყვანეს. პირველ ამომრჩეველთან დაკავშირებით, VIU ტერმინალზე მოძებნეს ინფორმაცია და გაირკვა, რომ იგი არასწორ საარჩევნო უბანში იმყოფებოდა და მიუთითეს სწორი უბნის მისამართი. მეორე ამომრჩევლის შემთხვევაში დადგინდა, რომ იგი სწორ საარჩევნო უბანზე იყო მისული. ამომრჩეველმა რეგისტრაციისთვის პასპორტი გამოიყენა, ნაცვლად პირადობის მოწმობისა და VIU-ს ოპერატორმა პასპორტის ნომერი არასწორად შეიყვანა. შემდეგ, ამომრჩეველს გადასცეს ბიულეტენი და მან მისცა ხმა. 05.56 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით 17:06 საათზე, ხანდაზმული ამომრჩეველი აძლევდა ხმას ოჯახის წევრის თანხლებით. ამომრჩეველმა ბიულეტენი არასწორად შეავსო და მოითხოვა მეორე ბიულეტენი. უბნის თავმჯდომარემ ბიულეტენი დაკეცა, კუთხეები სტეპლერით დაამაგრა და სხვა დაზიანებული ბიულეტენების დასტაზე დადო. შემდეგ ამომრჩეველს გადასცეს ახალი ბიულეტენი და მან მისცა ხმა.
03.06 უბანზე, დაახლოებით 14:38 საათზე დაფიქსირდა პრობლემა, რომელიც ვერ გადაწყდა. Pro V&V-ს ადგილზე მყოფი ჯგუფის ყველა წევრი ვერ შევიდა უბანზე, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ შესაბამისი სერტიფიკატები, რომლებიც მათ უფლებას აძლევდა შესულიყვნენ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე. უბნის თავმჯდომარე ტელეფონით დაუკავშირდა უცნობ პირს, თუმცა, ჯგუფის წევრებს შესვლის უფლება კვლავ არ მიეცათ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამერიკული კომპანიის ანგარიშის თანახმად, „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია“.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული რვა პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა და მოახდინა მათი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება, პირველ ელექტრონულ არჩევნებში. Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის, პერსონალი კარგად იყო მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც Pro V&V დააკვირდა. ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე მოიცავს დამოუკიდებელი აუდიტის მე-2 ეტაპის ანალიზს.
„მე-2 ეტაპის ტესტირებისას, Pro V&V-მა განახორციელა დაკვირვება აპარატების კონფიგურაციის საერთო პროცესზე და შეისწავლა ყველა აუცილებელი ფაილი საარჩევნო პროცესის სისწორის დადასტურების მიზნით.
აუდიტის მიზანი იყო: ― ცესკო-ს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიებისა და მანქანებში შეყვანილი ამომრჩეველთა სიების იდენტურობის დადასტურება;
საარჩევნო აპარატში შეყვანილი კანდიდატთა სიის სიზუსტის შემოწმება და მისი ვალიდურობის დადასტურება;
მთლიანი კონფიგურაციის პროცესის, მათ შორის, სამუშაო პროცესისა და ხარისხის უზრუნველყოფის მრავალშრიანი პროცესის აუდიტი.
მე-2 ეტაპით გათვალისწინებული ამოცანების ანალიზისას, Pro V&V-მა შეაფასა IDMS პანელი, ამომრჩეველთა მონაცემების ბაზა და მხარეებისთვის გადაცემული ამომრჩეველთა სია. შეფასების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, Pro V&V-მა დაწერა შემდეგი სამი SQL ალგორითმი:
1)ამომრჩეველთა მთლიანი ოდენობის დათვლა, რაც შეიძლება მოიცავდეს დუბლირების შემთხვევებს; 2) ამომრჩეველთა უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრების დათვლა, რაც არ შეიძლება მოიცავდეს დუბლირების შემთხვევებს;
3) ამომრჩეველთა მონაცემების დაჯგუფება და იმ საიდენტიფიკაციო ნომრების გამოცალკევება და დათვლა, რომლებიც მეორდება“, – ნათქვამია ამერიკული კომპანიის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად: „პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა. მესამე შემოწმებამ აჩვენა „ნული“, რაც ნიშნავს, რომ არც ერთი ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ნომერი არ დაფიქსირებულა ერთ ჯერზე მეტად, ანუ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა. IDMS პანელიდან აღებული შემთხვევითი ნიმუში შედარდა ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზასთან. ამ მიზნით, IDMS პანელიდან აღებულ იქნა ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ნომერი და ის შემოწმდა ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში. ყველა ასეთი შემოწმების შედეგად, დადასტურდა ამომრჩევლის მონაცემის შესაბამისობა. მონაცემთა ბაზაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოღებული ამომრჩევლების საიდენტიფიკაციო ნომრები შეყვანილ იქნა IDMS პანელში. მონაცემთა ბაზაში არსებული ამომრჩევლები IDMS პანელზეც დაფიქსირდა, ხოლო მონაცემთა ბაზაში არარსებული ამომრჩევლები არც IDMS პანელზე დაფიქსირებულა. ამის შემდეგ, შემოწმდა პარტიების ამომრჩეველთა სიები. შემოწმების შედეგად დაფიქსირებული ამომრჩეველთა რაოდენობა დაემთხვა პირველი და მეორე შემოწმების შედეგებს“.
ამერიკული კომპანია Pro V&V დასკვნის სახით აქვეყნებს, რომ საიდენტიფიკაციო ნომრის გრაფა წარმოადგენს მთავარ გასაღებს (იდენტიფიკატორს) ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში და მთავარი იდენტიფიკატორი უნიკალურია, მისი დუბლირება ერთი და იმავე ცხრილში შეუძლებელია.
„ამომრჩეველთა ცხრილების შეფასებისას, Pro V&V-ის დასკვნა არის ის, რომ ცხრილებში საიდენტიფიკაციო ნომრების დუბლირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. გარდა ამისა, ჩატარდა საწყისი კოდების შემოწმებები 2023 წელს და მოცემული შეფასების პირველ ეტაპზე. ამ შემოწმების შედეგად, გამოვლინდა, როგორ უზრუნველყოფდა ამომრჩევლის იდენტიფიცირების ბლოკი (VIU) კონკრეტული ლოკაციებისთვის მონაცემთა შეგროვებას და როგორ იქმნებოდა ამომრჩეველთა სიები – USB მოწყობილობის ჩართვიდან სიის სრულად დაკომპლექტებამდე. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, და სამი შემოწმების შედეგად, საიდენტიფიკაციო ნომრის დუბლირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა მთელ რიგ უბნებზე, ამომრჩევლის იდენტიფიცირების ბლოკში (VIU) ან ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში“, – ნათქვამია ამერიკული კომპანია Pro V&V-ის ანგარიშის დასკვნით ნაწილში.
0
0