
„უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღებაზე პასუხისმგებელი ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში შესაძლოა ორშაბათს, 20 მაისს წარადგინონ. ამის შესახებ გამოცემები Politico და The Hill იტყობინებიან.
კანონპროექტის ავტორია კონგრესმენი ჯო უილსონი („რესპუბლიკელი“ სამხრეთ კაროლინადან).
„საქართველოში ვითარება გულსატკენია. ქართველი ხალხი განასახიერებს თავისუფლებას და აგრძელებს ამერიკელების შთაგონებას“, - თქვა უილსონმა The Hill-ისთვის მიცემულ განცხადებაში.
Politico-ს ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ქართველი თანამდებობის და სხვა პირების მიმართ, რომლებსაც „მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებაზე“.
საუბარია აქტივების შესაძლო გაყინვაზე და კანონის მიღებაზე პასუხისმგებელი პოლიტიკოსებისთვის და ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის ვიზის აღების აკრძალვაზე. გარდა ამისა, შეზღუდვები შესაძლოა მიმართული იყოს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის მონაწილეთა დარბევაში.
The Hill-ის თანახმად, კანონპროექტი, სავარაუდოდ, „ადვილად გაივლის პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს“, რომლის თავმჯდომარემ, მაიკლ მაკკოლმა მანამდე წერილი მისწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელშიც გააფრთხილა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო.
მედიის ცნობით, უილსონის კანონპროექტი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მოახდინოს ინფორმირება რუსეთისა და ჩინეთის საქართველოზე გავლენის შესახებ.
0
0