31/12/2024
11:26
მსოფლიო
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინეთის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერმა შეაღწია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სისტემაში.
გავრცელებული ცნობით, მან წვდომა მოიპოვა თანამშრომელთა სამუშაო კომპიუტერებზე და დოკუმენტაციის ნაწილზე, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს არ წარმოადგენს.
„ბიბისი“ წერს, რომ ჰაკერმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სისტემაში შეღწევა დეკემბრის დასაწყისში შეძლო. მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო კონგრესი.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ კანონმდებლებისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ჩინეთიდან მოქმედმა პირმა უსაფრთხოების სისტემის გადალახვა უწყებისთვის მომსახურების მიმწოდებელი პროვაიდერის მიერ გამოყენებული ციფრული გასაღების მეშვეობით მოახერხა. საუბარია კომპანიაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თანამშრომლებს დისტანციურ ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა.
აშშ-ის ფინანსურმა უწყებამ ჰაკერის თავდასხმა დაახასიათა როგორც „მნიშვნელოვანი ინციდენტი“ და განაცხადა, რომ მუშაობს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან და სხვა სააგენტოებთან ერთად მომხდარის შედეგების დასადგენად.
სახაზინო დეპარტამენტის წერილში ნათქვამია, რომ ინციდენტის შესახებ დამატებითი ანგარიში კანონმდებლებს 30 დღეში წარედგინება.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ბრალდება უსაფუძვლო ცილისწამებას წარმოადგენს.
0
0