როგორც ცნობილია, Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა ტაკერ კარლსონმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ უკვე ჩაწერა.
,,რუსეთში ვიზიტის ხარჯები მე თვითონ გადავიხადე. [ვლადიმერ პუტინთან] ინტერვიუს ჩაწერა მსურდა, რადგან ამერიკელებს აქვთ უფლება ყველაფერი იცოდნენ ომის შესახებ, რომელშიც ისინი მონაწილეობენ. ამერიკელთა უმეტესობა არ არის ინფორმირებული [რუსეთ-უკრაინის] კონფლიქტის შესახებ, რომელიც სამყაროს ცვლის. ამაში კი მედიას მიუძღვის ბრალი. არც ერთ დასავლელ ჟურნალისტს არ შეუწუხებია თავი, რომ ვლადიმერ პუტინისგან ინტერვიუ აეღო", - განაცხადა ტაკერ კარლსონმა სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
უკრაინაში მასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, ეს პუტინის პირველი ინტერვიუა დასავლელ ჟურნალისტთან. როგორც ტაკერ კარლსონმა აღნიშნა, ილონ მასკი, რომელიც X-ის პლატფორმის მფლობელია, მას დაჰპირდა, რომ არ აკრძალავს ან არ დაბლოკავს ინტერვიუს სოციალური ქსელიდან.
„ასეთი ინტერვიუს ჩაწერისთვის რისკები არსებობს, ამიტომ ჩვენ ამაზე მრავალი თვის განმავლობაში ვფიქრობდით,“ - თქვა კარლსონმა.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლელმა ჟურნალისტებმა არაერთხელ აიღეს ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტისგან, რომელსაც მან "დიქტატორი" უწოდა. როგორც კარლსონმა მანამდე აღნიშნა, ,,ეს "მლიქვნელური სესიები" იყო, რომლებიც მიზნად ისახავდა ზელენსკის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რათა აშშ უფრო და უფრო მეტად ჩაერთოს ომში. ეს ჟურნალისტიკა არ არის - ეს სამთავრობო პროპაგანდაა".
როგორც BBC-ი წერს, როდესაც რუსულმა ჯარებმა უკრაინის საზღვართან შეკრება დაიწყეს, ტაკერ კარლსონი პუტინის აშკარა დამცველი იყო: „პუტინის მიმართ სიძულვილის დათესვა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური მიზანი გახდა. მიწოდა პუტინმა ოდესმე რასისტი? დამემუქრა, რომ მასთან უთანხმოების გამო სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ? ეს სამართლიანი კითხვებია და პასუხი ყველა მათგანზე არის: არა. ვლადიმერ პუტინს არც ერთი არ გაუკეთებია."
მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, კარლსონმა ოდნავ შეცვალა ტონი და ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვა: "ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ეს ომი... ის არის დამნაშავე იმაში, რასაც ამაღამ უკრაინაში ვხედავთ".
0
0