
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადებასთან დაკავშირებით საუბრისას ამბობს, რომ სამხედრო წვრთნების გაუქმება - ეს უკვე არის გზავნილი, რომ ამერიკა კი არ გადახედავს, არამედ უკვე გადახედა ჩვენთან ურთიერთობას.
მისივე განცხადებით, ძალიან ახლო მომავალში უნდა ველოდოთ კიდევ საკმაოდ ბევრი პროგრამის გაუქმებას.
„საქართველოს ყველაზე მყარი და კარგი ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა პენტაგონთან. ბევრად უფრო მყარი პარტნიორი იყო, ვიდრე სახელმწიფო. 2002 წელს „წვრთნა და აღჭურვის“ პროგრამით მოხდა ურთიერთობებში გარღვევა. ყველაზე მეტი ვიზიტი, ყველაზე მეტი ღონისძიება იყო შეიარაღებულ ძალებთან. პენტაგონი იყო ყველაზე წინააღმდეგი, რომ საქართველოსთან ურთიერთობის შეჩერება ან შეფერხება მომხდარიყო. ეს იყო ბოლო უწყება, ვინც ამას დათანხმდებოდა. ის ფაქტი, რომ სამხედრო წვრთნები გაუქმდა, უწყებისა, რომელიც ყველაზე მეტად აფასებდა საქართველოსთან ურთიერთობას, იმიტომ, რომ მათ პრაგმატული ინტერესებიც ჰქონდათ, ეს იცით რას ნიშნავს? ყველა დანარჩენი ეტაპი გავლილია უკვე, ერთი-ერთზე ყველანაირი საუბრები ამოიწურა, ყველანაირი ვიზიტები საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს უკვე არის იმის გზავნილი, რომ ამერიკა კი არ გადახედავს, არამედ, გადახედა უკვე ჩვენთან ურთიერთობას. ეს თუ გააუქმეს, ძალიან ახლო მომავალში უნდა ველოდოთ საკმაოდ ბევრ სახელმწიფო პროგრამების გაუქმებას. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ნატოს სამიტზე აშშ-ში გამგზავრებას, ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, „ერთ დღეში ყველაფერი უკან არ წასულა და საგარეო საქმეთა მინისტრი სამიტზე ავტომატურად წავა“, რადგან საქართველო „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის წევრია.
„[ილია დარჩიაშვილს] ამერიკაში შეხვედრები ექნება, მაგრამ კარგს რას ეტყვიან? მთავარი ვისაც დაავალეს, ის კაცი [ლილუაშვილი] წავიდა და ჩამოვიდა უკვე. ძალიან ცუდი გზავნილი ჩამოიტანა. ქართული მხარისგან არა, იმათი მხრიდან ვიცი, რომ ძალიან ცივი შეხვედრები ჰქონდა. ლილუაშვილმა ვერაფერი გააკეთა“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
0
0