12/01/2024
13:21
სხვადასხვა
ამაზონის ჯუნგლებში უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში მცენარის საფარში იმალებოდა. როგორც BBC-ი წერს, ახალი აღმოჩენა ამაზონში მცხოვრები ადამიანების ისტორიას ცვლის.
როგორც ირკვევა, აღმოსავლეთ ეკვადორის უპანოს რაიონში, სახლები და მოედნები გზებისა და არხების გასაოცარი ქსელით იყო დაკავშირებული. ტერიტორია ვულკანურ ზონაშია, რომელმაც მდიდარი ადგილობრივი ნიადაგი შექმნა, თუმცა მან შესაძლებელია საზოგადოების განადგურებაც გამოიწვიოს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე სამხრეთ ამერიკის მთიანეთის ქალაქებს (როგორიცაა მაჩუ-პიქჩუ პერუში) ვიცნობდით, ითვლებოდა, რომ ადამიანები მხოლოდ მომთაბარედ ან ამაზონის პატარა დასახლებებში ბინადრობდნენ. ეს ქალაქი უფრო ძველია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში ვიცით. ცივილიზაციაზე ევროცენტრული შეხედულება გვაქვს, მაგრამ უნდა შევცვალოთ ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ რას წარმოადგენს კულტურა და ცივილიზაცია. ეს ცვლის ამაზონური კულტურების ისტორიას. ეს გვიჩვენებს, რომ უძველესი ხალხი რთულ ურბანულ საზოგადოებებში ცხოვრობდა", - თქვა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის პროფესორმა სტივენ როსტეინმა.
არქეოლოგების თქმით, ქალაქი დაახლოებით 2500 წლის წინ აშენდა და ხალხი იქ 1000 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა. მათ LiDAR ტექნოლოგიით 6000 მართკუთხა პლატფორმა აღმოაჩინეს, რომელთა ზომებია 20 მ-10 მ და 2-3 მ სიმაღლე. მეცნიერები თვლიან, რომ ზოგიერთი სახლი საზეიმო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
"სწორი გზების ქსელი ძალიან დახვეწილია. ის უზარმაზარ მანძილზე ვრცელდება, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ეს გზები კვლევის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი იყო,“ - თქვა მკვლევარმა ანტუან დორისონმა
მეცნიერებმა ასევე ქალაქის ორივე მხარეს თხრილები ნახეს. მათი აზრით, ისინი არხები იყო, რომლებიც ხელს უწყობდა რეგიონში უხვი წყლის მართვას. ქალაქების მიმართ საფრთხის ნიშნებიც იყო - ზოგიერთმა თხრილმა დასახლებების შესასვლელები გადაკეტა.
,,ქალაქის კომპლექსური დასახლება, როგორც ჩანს, უფრო ფართოა ვიდრე მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში ცნობილი მაიას საზოგადოებები. წარმოიდგინეთ, რომ მაიას მსგავსი სხვა ცივილიზაცია აღმოაჩინეთ, მაგრამ სრულიად განსხვავებული არქიტექტურით, მიწათსარგებლობით, კერამიკით. ზოგიერთი აღმოჩენა, მაგალითად, ერთად მოწყობილი რვაკუთხა და მართკუთხა პლატფორმები, უნიკალურია სამხრეთ ამერიკისთვის. პლატფორმებზე აღმოჩენილია ორმოები და ბუხრის იატაკები, ასევე ქილები, მცენარეების საფქვავი ქვები და დამწვარი თესლები. იქ მცხოვრები კილამოპესა და უპანოს ტომის ხალხი, სავარაუდოდ, ძირითადად სოფლის მეურნეობაზე იყო ორიენტირებული. ისინი მიირთმევნენ სიმინდს და ტკბილ კარტოფილს და სვამდნენ "ჩიჩას", ტკბილ ლუდს“, - თქვა ექსეტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორმა ხოსე ირიარტემ.
0
0