25/11/2024
13:29
პოლიტიკა
ამ პარლამენტს ქართველი ხალხის და ჩვენი მეგობრების ლეგიტიმაცია არასდროს არ ექნება! - სულ რამდენიმე საათში მე მივემგზავრები სტრასბურგში იმისთვის, რომ იქ ჩავიტანო თქვენი სათქმელი! - ასე მიმართა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს.
მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება.
მან ასევე „ვარდების რევოლუცია“ გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეის გამო არის დღეს პოლიტიკური პატიმარი.
„ეს პროტესტი, ბუნებრივია, აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ სპეცოპერაციას, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ რეჟიმს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას, რომ ჩვენ ვართ ბრძოლისუნარიანი, თავისუფალი, თავისუფლებისმოყვარე ევროპელი ხალხი და რომ ჩვენი ადგილი სწორედ ევროპაშია!
ვიცი, რომ არ არის ყოველთვის მარტივი ცივ ამინდში, წვიმაში, საათობით, დღეობით თუ ღამის განმავლობაში აქ ყოფნა, მაგრამ ბევრი თქვენგანი ალბათ, სწორედ აქ, ამ ადგილას იყო 2003 წელს, გიორგობა დღეს, „ვარდების რევოლუციის“ წუთებში, როდესაც დიახ, მაშინაც წვიმდა, მაშინაც ციოდა, მაშინაც ქვეყანას ჰყავდა რეჟიმი, რომელიც ქვეყანას უხერგავდა გზას ნორმალური განვითარებისთვის.
პრეზიდენტი სააკაშვილი სწორედ „ვარდების რევოლუციის“ რეფორმების მიღწევების, „ვარდების რევოლუციის“ იდეის გამო იდევნება. სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეის გამო არის ის დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის და პუტინის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური ტყვე. ამიტომ, ჩვენ, მაშინ როგორც მიხეილ სააკაშვილმა ირწმუნა, როგორც ქართველმა ხალხმა ირწმუნა 2003 წელს, კიდევ ერთხელ უნდა ვირწმუნოთ, რომ დღეს არ არსებობს პოლიტიკური გამყოფი ხაზი ჩვენს შორის. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, არ არსებობს ურთიერთდაპირისპირება, ფრაგმენტაცია, დაყოფა, ეს არის მხოლოდ ის, რაც სურს ივანიშვილს იმისთვის, რომ გაგვათითოკაცოს, დაგვქსაქსოს, დაგვაპირისპიროს და ცალ-ცალკე შეითრიოს შემდეგ ადამიანები ამ არალეგიტიმურ პარლამენტში. ამის უფლება მას ჩვენ არ უნდა მივცეთ. ერთადერთი გამოსავალი ამისთვის არის სიმტკიცე, ერთიანობა, ერთმანეთისთვის შეცდომების, გაუგებრობის თუ განსხვავების მიტევება და გვერდზე გადადება. დღეს არის ერთიანობის დღე,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
0
0