03/12/2022
17:33
პოლიტიკა
“ამ აქციის არსი ის იყო, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო კარგად წარმოაჩენს საკუთარ ამომრჩევლებში სააკაშვილის თავისუფლებისთვის მებრძოლი ჰეროიკულ სახეს”, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქცია.
მისივე შეფასებით, “ნაცმოძრაობაში” ლიდერებს შორის სრული აუტანლობაა, რაც დღევანდელი აქციის შეკრების დროსაც გამოჩნდა.
„საზოგადოებისთვის გასაგებია, რომ იმდენად მაღალია დაძაბულობის ფონი „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ ერთმანეთის მიმართ უკვე სრული აუტანლობა აქვთ. ამიტომ კანონზომიერად მეჩვენება, რომ ისინი ცალ-ცალკე მიდიან და ცალ-ცალკე მოღვაწეობენ“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც ცნობილია, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, მიმდებარე ქუჩაზე, აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოითხოვეს. ლევან ხაბეიშვილმა და მისმა მომხრეებმა კოლმეურნეობის მოედნიდან “ოცნების” ოფისამდე მსვლელობა მოაწყეს, ხოლო ნიკა მელია გულშემატკივრებთან ერთად, მმართველი პარტიის ოფისთან მივიდა.
0
0