04/07/2022
14:27
პოლიტიკა
გუშინ რაც ვიხილეთ, სამწუხაროდ, ცხადყოფს იმას, რომ ამ ადამიანებს ევროპული პერსპექტივა საერთოდ არ აინტერესებს. პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გვქონდა შეხვედრა, სადაც განიხილებოდა დეტალები, რომელიც გეგმის რეალიზაციას უკავშირდებდა. მათ შორის, კონკრეტული შეხვედრები, კონკრეტული თარიღები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. ჩვენ უკვე ვიწყებთ ამ გეგმის აღსრულებას და რა ტქმა უნდა, ჩვენი შეთავაზებები ძალაში რჩება. ანუ, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება პერსპექტივებსა და დამოკიდებულებას, ოპტიმისტური-არა ოპტიმისტური, ამას ყველაფეერს მოვლენების განვითარება აჩვენებს. გუშინ რაც ვიხილეთ, სამწუხაროდ, ცხადყოფს იმას, რომ ამ ადამიანებს ევროპული პერსპექტივა საერთოდ არ აინტერესებს. პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. აშკარად მათ ინტერესებშია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიიღოს, თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, საწინააღმდეგო, საპირისპირო მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვიმოქმედებთ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდგმება ყველა ნაბიჯი 12-ვე პუნქტის შესასრულებლად. ესაა ჩვენი პასუხისმგებლობა. შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს არაოპტიმისტური დამოკიდებულება, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის მიხედვით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0