
ახალი კვლევის მიხედვით, ალპებში 1931 წელს აღმოჩენილი უძველესი ხვლიკის ნამარხი სინამდვილეში საღებავი აღმოჩნდა. ქვეწარმავლის ნამარხი, რომელსაც მეცნიერებმა 90 წლის წინ Tridentinosaurus Antiquus უწოდეს, 280 მილიონი წლის წინანდელია. მეცნიერები თვლიდნენ, რომ ხვლიკის ნამარხი მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა უძველესი ქვეწარმავლების ევოლუციის შესასწავლად.
თუმცა, ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ ხვლიკის სხეულის მუქი ანაბეჭდი ქვაზე, რომელიც მანამდე მკვლევარებმა კარგად შენარჩუნებულ რბილ ქსოვილად მიიჩნიეს, სინამდვილეში, უბრალოდ, საღებავია. როდესაც ნამარხი პირველად შეისწავლეს, ის კლასიფიცირებული იყო, როგორც Protorosauria-ს ქვეწარმავლების ჯგუფის წარმომადგენელი. ბევრმა ექსპერტმა ვერ მიაკვლია ნამარხის ისტორიას მისი კანის, გარკვეულწილად, უცნაურად შენარჩუნების გამო.
ირლანდიის საუნივერსიტეტო კოლეჯ კორკისა (UCC) და იტალიის პადუას უნივერსიტეტის, სამხრეთ ტიროლის ბუნების მუზეუმისა და ტრენტოში მდებარე მეცნიერების მუზეუმის მკვლევრებმა ამ აღმოჩენის შესწავლა ერთად დაიწყეს.
პირველადმა ულტრაიისფერმა სკანირებამ მთლიანი ნამარხის გარშემო საფარი გამოავლინა, რაც ნამარხებისთვის სრულიად ნორმალურია, ხოლო, მოგვიანებით, მიკროსკოპულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მასალის ტექსტურა და შედგენილობა არ ემთხვეოდა რეალურ ნამარხ რბილ ქსოვილებს. პალეონტოლოგებმა საბოლოოდ დაადგინეს, რომ მანამდე კარბონიზებულ კანად მიჩნეული ნამარხი ქანის ზედაპირზე ხვლიკის ფორმით აღბეჭდილი შავი საღებავია.
„ნამარხი რბილი ქსოვილები იშვიათია, მაგრამ მათი აღმოჩენისას მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ინფორმაციის გამოვლენაა შესაძლებელი, მაგალითად, როგორიცაა გარეგანი შეფერილობა, შინაგანი ორგანოების განლაგება და ფიზიოლოგია. თუმცა, ჩვენი დასკვნები მიუთითებს, რომ Tridentinosaurus Antiquus-ის სხეულის მონახაზი ხელოვნურად შეიქმნა. ნამარხების ლაქით დაფარვა ნორმალური წესი იყო წარსულში და ზოგჯერ ეს ჯერ კიდევ აუცილებელია მუზეუმებში ნამარხი ნიმუშის შესანარჩუნებლად. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ უპირველესი რბილი ქსოვილები შეიძლება დამცავი შრის ქვეშ ყოფილიყო. ამ დეტალმა წინა მკვლევარები შეცდომაში შეიყვანა. ეს ასევე მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია თანამედროვე ანალიტიკურ პალეონტოლოგიას და მეცნიერულ მეთოდებს თითქმის საუკუნოვანი მისტიკის ამოხსნა,“ - განმარტა კორკის უნივერსიტეტის კოლეჯის პალეობიოლოგმა ვალენტინა როსმა.
თუმცა კვლევამ მთავარი საიდუმლოებაც გამოავლინა - უკანა კიდურების ძვლები, რომლებზეც კანია დახატული, ნამდვილია.
„საღებავის ქვეშ ამ ძვლების შესწავლა უდავოდ რთული იქნება, მაგრამ ამაში შეიძლება 3D ვიზუალიზაცია დაგვეხმაროს. ასევე ახალმა ანალიზებმა ნიანგების ქერცლების მსგავსი პატარა ძვლოვანი ქერცლები გამოავლინა. ისინი შეიძლება ქვეწარმავლის ზურგზე ყოფილიყო. ამ დასკვნების დასადასტურებლად დამატებითი კვლევის ჩატარება დაგვჭირდება,“ - აღნიშნა ვალენტინა როსმა.
0
0