15/12/2022
11:58
პოლიტიკა
დემოკრატიული გარდაქმნები და ცვლილებები, რაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს მოხდა, შეუძლებელია სანქცირებული იყოს - ალოგიკურია, რომ პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ხდება პოლიტიკური შეტევა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარების განცხადებების შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, სანქციებს აქვს აზრი მაშინ, როცა ის სამართლიანია.
„თქვენ ნახეთ, რომ ორასამდე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას. ასევე, მოხდა უპრეცედენტო რამ - იმ ადამიანმაც, ვინც შეიმუშავა ანგარიშის პროექტი და ვინც რეზოლუცია დააინიცირა ევროპარლამენტში, თვითონ იმ ადამიანმაც არ დაუჭირა მხარი ამ დოკუმენტს. ეს თავისთავად ადასტურებს ერთადერთს, რომ არის უსაფუძვლო ზეწოლა, მცდელობები, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება და დაბლოკვა. კენჭისყრის შედეგებით უკვე ცხადია, რომ ამას, პირველ რიგში, აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტში. თუმცა კარგია, რომ, მეორეს მხრივ, ევროკომისიაში, საქართველოს ცალსახად ძლიერად უჭერენ მხარს, პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისში მყოფი ევროკომისრის განცხადებები, სადაც მან თქვა, რომ საქართველო რეფორმებში სწორი მიმართულებით მიდის და საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში.
რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებებს, ასეთი განცხადებები პირველად არ გვესმის და როგორც წინა შემთხვევებში, დღესაც ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულების გარეშე ხდება აპელირება სანქციებზე. ხდება უსაფუძვლო თავდასხმა და კრიტიკა ბიძინა ივანიშვილზე. არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებ, სანქციებს აქვს აზრი მაშინ, როცა ის არის სამართლიანი. ის, რაც რეზოლუციაში ჩაიწერა, შეუძლებელია სიმართლე იყოს. ვინაიდან ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ, სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით საქართველოში მოხდა პოზიტიური ცვლილებები, ადამიანის უფლებები დაბრუნდა მთავრობის დღის წესრიგში, მედია გახდა თავისუფალი, ბიზნესი და საკუთრება გახდა დაცული, პარლამენტი გახდა პლურალისტური და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, დემოკრატიული ინსტიტუტები დაუბრუნდა თავის ფუნქციებს. ამიტომ ეს დემოკრატიული გარდაქმნები და ცვლილებები, რაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს მოხდა, შეუძლებელია იყოს სანქცირებული. თან დღეს ეს ადამიანი პოლიტიკიდან გასულია. მეორეს მხრივ, ალოგიკურია, რომ პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ხდება პოლიტიკური შეტევა. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს პროგრესსა და წინსვლას ვერ შეაჩერებს. „ქართული ოცნება" საზოგადოებასთან ერთად გააგრძელებს იმ საქმის კეთებას, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
0
0