29/11/2023
12:57
მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ს სომხეთის მხარდასაჭერად ბოლოდროინდელმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა აშშ-აზერბაიჯანის კავშირებს.
ამის შესახებ Reuters ოფიციალური ბაქოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
შესაბამისი მოსაზრება ალიევმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ანტონი ბლინკენთან ბოლო სატელეფონო საუბარში გამოთქვა.
მისი თქმით, „აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანულ-ამერიკულ ურთიერთობებს“.
საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქომ გაითვალისწინა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის კომენტარები კონგრესის მოსმენებზე, რომ აზერბაიჯანის ოპერაციის შემდეგ მთიან ყარაბაღში, „არ არსებობს შანსი, რომ ყველაფერი აზერბაიჯანთან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს".
ასევე ნათქვამია, რომ ალიევი და ბლინკენი ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმდნენ, რომ ო'ბრაიენი ეწვევა ბაქოს და ვაშინგტონი გააუქმებს აზერბაიჯანის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში ჩასვლის აკრძალვას.
წინა დღით ბლინკენი ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს. სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ბლინკენმა ორივე ლიდერთან განიხილა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა.
0
0