ციმბირის კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედის, ლუდმილა ნავალნაიას განცხადებით, შვილის ცხედარი აჩვენეს. როგორც ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ის მორგში მიიყვანეს, სადაც გარდაცვალების შესახებ ცნობას მოაწერა ხელი.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახდენს, რომ ოჯახი „საიდუმლო დაკრძალვას“ დასთანხმდეს.
ამასთან, ალექსეი ნავალნის პრესმდივნის თქმით, ლუდმილა ნავალნაიასთვის წარდგენილ სამედიცინო დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად „ბუნებრივი სიკვდილი“ წერია.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა. როგორც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თუმცა, ამ ვერსიას უნდობლობას უცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები.
0
0